რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა აღიარა, რომ კურსკში უკრაინასთან ბრძოლაში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც იყვნენ ჩართულები, რაც, მისი თქმით, მოსკოვსა და ფხენიანს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მოხდა.
ამის შესახებ გერასიმოვმა რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებების შესახებ ანგარიშის ჩაბარების დროს ელაპარაკა, რომელშიც ის ირწმუნებოდა, რომ რუსეთმა "კურსკის ოლქის ტერიტორია სრულად გაათავისუფლა".
"მსურს, ხაზი გავუსვა კურსკის რეგიონის მოსაზღვრე ტერიტორიების გათავისუფლებაში კონკრეტულად კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის ჯარისკაცების შეტანილ წვლილს, რომელმაც ჩვენს ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესაბამისად საკმაოდ დაგვეხმარა უკრაინული არმიის საბრძოლო ჯგუფის განადგურებაში, რომელმაც შეჭრა დაიწყო". - თქვა გერასიმოვმა.
გერასიმოვმა დაამატა, რომ "კორეის სახალხო არმიის ჯარისკაცები და ოფიცრები რუს ჯარისკაცებთან ერთად საბრძოლო მიზნებს მხარდამხარ ასრულებდნენ და უკრაინული შეჭრის უკუგდების დროს მაღალი დონის პროფესიონალიზმი და ბრძოლაში გამძლეობა, სიმამაცე და გმირობა გამოავლინეს".
მანამდე, უკრაინის გენშტაბმა უარყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებები დასრულებულია.
გენშტაბმა რუსული მხარის განცხადება "პროპაგანდისტულ მახედ და სასურველის სინამდვილედ გასაღების სურვილად" მოიხსენია.
ჩრდილოეთ კორეა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა უკრაინასთან ომში. ფხენიანის მიერ გაგზავნილი სამხედროები გასული წლის ნოემბერში უკრაინის წინააღმდეგ კურსკის მიმართულებით ბრძოლებში მონაწილეობდნენ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა 10 თებერვალს კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაადასტურა მხარდაჭერა რუსეთის მიმართ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 5 ნოემბერს პირველად განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები პირველად დაუპირისპირდნენ კურსკის ოლქში გადასხმულ ჩრდილოეთკორეელთა დანაყოფებს.
თუმცა, 21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჯარების გადაყვანასთან დაკავშირებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
ორი დღის შემდეგ აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებებიაქვთ. ამას გარდა, სამხრეთ კორეის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.
რადიო თავისუფლება რუსეთის სტატისტიკის ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2024 წელს რუსეთში ჩრდილოეთ კორეის 13 221 მოქალაქე შევიდა, რაც წინა წელზე თორმეტჯერ მეტია. აქედან, ნახევარზე მეტმა მიზეზად "განათლების მიღება" დაასახელა.