ჩრდილოატლანტიკურმა ხელშეკრულების ორგანიზაციამ (NATO) 24 აპრილს 2024 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
2023 წლის ანგარიშისგან განსხვავებით, ახლად გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღარ არის ნახსენები NATO-ს მხარდაჭერა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მიმართ.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა X-ზე გაავრცელა.
NATO-ს 2023 წლის ანგარიშში მოცემული იყო შემდეგი წინადადებები:
"უკრაინის მომავალი NATO-შია, ალიანსი უკრაინას მხარს დაუჭერს გზაზე სამომავლო გაწევრებისკენ".
"ალიანსის წევრები აგრძელებენ NATO-ში საქართველოს საბოლოოდ გაწევრიანების მხარდაჭერას".
მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ანგარიშში როგორც საქართველო, ისე უკრაინა რამდენჯერმე, სხვადასხვა კონტექსტშია ნახსენები, მათ შორის, ალიანსთან თანამშრომლობის მხრივ, საუბარი NATO-ში ორი ქვეყნის გაწევრიანების შესახებ, მსგავსი მკაფიო ფორმულირებებით, აღარ არის.
ცნობისთვის, რუსეთი წლებია, მოითხოვს, რომ საქართველოსა და უკრაინას NATO-ში გაწევრიანების საშუალება არ მიეცეთ.
მაგალითისთვის, თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთისთვის NATO-ში უკრაინის გაწევრიანება მიუღებელია. მისივე თქმით, გაწევრიანებაზე უარის თქმა "საკმარისი არ არის" - რუსეთი აშშ-სგან ითხოვს გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობა, რომელიც მომავალში საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ითვალისწინებს.
უკრაინის მოთხოვნის მიუხედავად, ომის დასრულების შემდეგ ქვეყანამ ალიანსში გაწევრიანება შეძლოს, ამას მკაცრად ეწინააღმდეგება აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია.





