რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზახაროვას თქმით, NATO-ში კიევის მიღებაზე უარი საკმარისი არაა, 2008 წლის პირობა უნდა გაუქმდეს

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთისთვის NATO-ში უკრაინის გაწევრიანება მიუღებელია. მისივე თქმით, გაწევრიანებაზე უარის თქმა "საკმარისი არ არის" - რუსეთი აშშ-სგან ითხოვს გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობა, რომელიც მომავალში საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ითვალისწინებს.

"NATO-ში უკრაინის გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია. ეს ჩვენს უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და მთელი ევროპისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. [...] NATO-ში კიევის მიღებაზე უარის თქმა არ არის საკმარისი. [...] ალიანსმა 2008 წლის ბუქარესტის დაპირება უნდა უარყოს, რომლითაც ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში უკრაინის შესვლა სამომავლოდ გარანტირებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა ევროპის კონტინენტზე ატმოსფეროს მოწამვლას გააგრძელებს". - თქვა ზახაროვამ. 

ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ომის "რეგულირებასთან" დაკავშირებით რუსეთის პოზიციები რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჩამოაყალიბა. 

"რეკომენდაციას ვუწევ 2024 წლის ივნისში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის მთავრობის მეთაურის გამოსვლასთან ხელახლა გაცნობას. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნეიტრალური, ბლოკის მიღმა მყოფი და ბირთვული შეიარაღების გარეშე მყოფი სტატუსის შესახებ მისი სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ 1990 წლის დეკლარაციაში არის აღბეჭდილი". - თქვა ზახაროვამ. 

დღეს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ადგილობრივი აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებები გაიმართა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებდა:

"უკრაინა არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. უკრაინა უშედეგოდ მიიჩნევს ნებისმიერ მოლაპარაკებებს უკრაინაზე, უკრაინის ჩართულობის გარეშე. და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ნებისმიერ შეთანხმებას ჩვენს შესახებ, რომელიც ჩვენს გარეშე შედგა. და ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს". - თქვა ზელენსკიმ.

მოლაპარაკებების მაგიდაზე არ იყო მიწვეული ევროპაც, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრა დაინიშნა.

შეხვედრას მაკრონის გარდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

თუმცა, 17 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინაში ომის დამთავრებაზე სერიოზული ხასიათის მოლაპარაკებებში მონაწილეობა როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამაც უნდა მიიღონ.

რუბიოს თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი კარგი ნაბიჯია, მაგრამ ახლა ამ ყოველივეს ქმედებები უნდა მოჰყვეს.

ამასთანავე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი შეხვედრები ჯერ მხოლოდ წინასწარია, ხოლო "რეალურ მოლაპარაკებებში" უკრაინა და ევროპაც იქნება ჩართული.

კომენტარები