საქართველო-უკრაინა-NATO

ჰელსინკის კომისია ბაიდენს მოუწოდებს, საქართველო და უკრაინა NATO-ს მთავარ მოკავშირეებად აღიაროს

ტაბულა

ჰელსინკის კომისია მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად (MNNA) აღიაროს. კომისიის წერილს გამოცემა Foreign Policy ავრცელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ აშშ მუდმივად უჭერდა მხარს უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, რუსული ოკუპაცია და მიმდინარე შეჭრა ამხელს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ევრო-ატლანტიკური გაფართოების ტრაგედიას.

NATO-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მიმართ აშშ-ს ძლიერი და აქტიური მხარდაჭერის გარეშე პუტინი გააგრძელებს უპირატესობის გამოყენებას ევროპაში უსაფრთხოება-თანამშრომლობის გადატრიალებასა და მისი ნეოკოლონიალურ დღის წესრიგის განხორციელებაში". – ნათქვამია კომისიის წერილში, რომელსაც დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი და კონგრესმენი სტივ კოენი ხელმძღვანელობენ.

კომისია ხაზს უსვამს, რომ უკრაინისთვის MNNA-ის სტატუსის მინიჭება გაამარტივებს მისთვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების მიწოდებას. ამასთან, ეს მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება.

NATO-ს წევრობისგან განსხვავებით, NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი არ გულისხმობს რაიმე სახის ორმხრივი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ვალდებულებებს.

საქართველომ და უკრაინამ NATO-ში გაწევრიანების დაპირება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღეს.

1976 წელს დაარსებული ჰელსინკის კომისია აშშ-ს დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა, რომელიც ჰელსინკის შეთანხმების შესრულებას აკონტროლებდა. ჰელსინკის შეთანხმება ცივი ომის პერიოდის მთავარი დიპლომატიური შეთანხმებაა, რომელიც საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის შემცირებას უზრუნველყოფდა. კომისია ამჟამად ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობს და ადამიანის უფლებების ნორმების დაცულობას უზრუნველყოფს. კომისია აშშ-ს კონგრესის 18 წევრისგან შედგება. მასში არიან როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი წევრები, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვისა და კომერციული სფეროს წარმომადგენლები.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები