რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუბიო უარყოფს ცნობას, რომ თეთრ სახლში რუსეთზე სანქციების მოხსნას განიხილავენ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 24 აპრილს უარყო, რომ თეთრი სახლი უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რუსულ ენერგეტიკულ აქტივებზე სანქციების მოხსნას განიხილავს, რასაც მანამდე გამოცემა Politico წერდა.

პლატფორმა X-ზე გავრცელებულ პოსტში რუბიომ თქვა, რომ არც მას და არც ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს არ ჰქონიათ არანაირი საუბრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით.

"ეს ცალსახად მცდარია" - დაწერა რუბიომ.

Politico 23 აპრილს წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თეთრი სახლი ევროპაში რუსულ ენერგეტიკულ აქტივებსა და Nord Stream 2-ის მილსადენზე სანქციების მოხსნას განიხილავდა. 

დონალდ ტრამპმა პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს მილსადენს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული ენერგეტიკული პროექტია, სანქციები დაუწესა. ხოლო ბაიდენის ადმინისტრაციამ აღნიშნული სანქციები მოხსნა, თუმცა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ხელახლა შემოიღო.

Politico-ს წერდა, რომ რუსულ ენერგოსექტორზე სანქციების შემსუბუქების მთავარი მომხრე უიტკოფია. ტრამპის წარმომადგენელი ვლადიმირ პუტინს პირისპირ უკვე, სულ მცირე, სამჯერ შეხვდა და გავრცელებული ინფორმაციით, იგი პუტინთან შეხვედრას 25 აპრილსაც გეგმავს. Flightradar24-ის მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც უიტკოფი იმყოფება, ამ დროისთვის უკვე რუსეთის საჰაერო სივრცეშია. 

კომენტარები