კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, საბა სხვიტარიძის პროცესზე დღეს, 22 აპრილს, საქმის გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი გამოიკითხა. ედიშერაშვილის მიერ სასამართლოს დატოვებას ხმაური მოჰყვა, რის შედეგადაც 1 პირი სასამართლოს ეზოში დააკავეს.
სხვიტარიძე ედიშერაშვილს მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის თვითმხილველად ასახელებს, თუმცა, სხვიტარიძის თქმით, ედიშერაშვილს მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია.
ედიშერაშვილს სხდომაზე სხვიტარიძის ადვოკატმა, ჰკითხა შენიშნა თუ არა დაზიანება საბა სხვიტარიძის სახეზე, რაზეც ედიშერაშვილმა თქვა, რომ არ დაუნახავს - "დიდი ზომის დაზიანება რომ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, შევამჩნევდი". ედიშერაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისმა კოლეგამ აღწერა, "რა დაზიანებები თუ ნაკაწრიც ჰქონდა" სხვიტარიძეს.
დაკავების შემდეგ გავრცელებულ წერილში საბა სხვიტარიძე წერდა, რომ სამმართველოს შენობაში, მე-5 სართულზე აიყვანეს, ერთ-ერთ კაბინეტში შეიყვანეს, სადაც "შემოვიდა 4 კარგად ნავარჯიშები ზონდერი, თვითონ კი გავიდნენ ოთახიდან, რა დროსაც დაიწყო ჩემზე ძალადობა, მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება, უფრო მეტი ხანიც, არ ვიცი, პერიოდულად გონებას ვკარგავდი". ამის შემდეგ კი მე-8 სართულზე აიყვანეს, სადაც გამომძიებელი იყო. სხვიტარიძეს ამ საქმეზე დაზარალებულის სტატუსი აქვს.
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ადვოკატის შეკითხვაზე გამომძიებელმა, სალომე ედიშერაშვილმა განაცხადა, რომ "როგორც იცის, სხვიტარიძე პირდაპირ მე-8 სართულზე აიყვანეს" და რომ ის მის ოთახში "წყნარად და ხელბორკილის გარეშე შეიყვანეს".
გამომძიებელს ადვოკატებმა ასევე საქმეში არსებულ უზუსტობაზეც ჰკითხეს. მაგალითად, მოწმე პოლიციელის ლუკა ჯინჭარაძის მიერ შემთხვევის ადგილად თბილისი მერიოტის მითითებაზე, ედიშერაშვილმა განაცხადა, რომ "ორი მერიოტია და ტექნიკური შეცდომა იყო".
ასევე, ადვოკატებმა ედიშერაშვილს ჰკითხეს, თუ რატომ არ ამოიღო ქორთიარდ მერიოტის მიმდებარე ტერიტორიიდან კამერის ჩანაწერები, რაზეც გამომძიებელმა თქვა, რომ საქმეზე მიმაგრებულია "დანაშაულის ამსახველი კადრები". ასევე შეკითხვაზე, ისმის თუ არა ვიდეოში, საბა სხვიტარიძის სიტყვები "ქალს ხელს როგორ ურტყამ", ედიშერაშვილმა თქვა, რომ "მგონი ისმის".
გამოკითხვის დაწყებამდე, ხმაური იყო სხდომათა დარბაზშიც, საბა სხვიტარიძის ახლობლები და ოჯახის წევრები მანდატურებს მოუწოდებდნენ დარბაზიდან პოლიციელები გამოეყვანათ და მათ ნაცვლად სხვიტარიძის ახლობლები შეეშვათ. მათი განცხადებით, დარბაზში დიდი რაოდენობით პოლიციელები არიან.
საბა სხვიტარიძის დღევანდელ პროცესზე მოწმე პოლიციელი, გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი უნდა გამოიკითხოს. სხვიტარიძე ედიშერაშვილს მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის თვითმხილველად ასახელებს, თუმცა, სხვიტარიძის თქმით, ედიშერაშვილს მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია.
სალომე ედიშერაშვილი პროცესზე რამდენიმე პოლიციელებთან ერთად მივიდა.
საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სხვიტარიძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საბა სხვიტარიძე დაზარალებულადაცაა ცნობილი, მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის საქმეზე.