რეჟიმის პატიმრები

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საბა სხვიტარიძის პროცესზე ხმაური იყო

კადრი ვიდეოდან/TV PIRVELI

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო თბილსის საქალაქო სასამართლოში, სადაც კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა

საბა სხვიტარიძის ახლობლები და ოჯახის წევრები მანდატურებს მოუწოდებდნენ დარბაზიდან პოლიციელები გამოეყვანათ და მათ ნაცვლად სხვიტარიძის ახლობლები შეეშვათ. მათი განცხადებით, დარბაზში დიდი რაოდენობით პოლიციელები არიან. 

საბა სხვიტარიძის დღევანდელ პროცესზე მოწმე პოლიციელი, გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი უნდა გამოიკითხოს. სხვიტარიძე ედიშერაშვილს მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის თვითმხილველად ასახელებს, თუმცა, სხვიტარიძის თქმით, ედიშერაშვილს მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია.

სალომე ედიშერაშვილი პროცესზე რამდენიმე პირთან, სავარაუდოდ, პოლიციელებთან ერთად მივიდა. 

"ეს პოლიციელები არიან, რომლებმაც მე სასამართლოდან რომ გამიყვანეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და ყრუ ადამიანს დასცინოდნენ, რა მოტივით არიან ეს ადამიანები, საერთოდ ჩემს პროცესზე?! არ არის ეს ჩემთვის კომფორტული გარემო, რომ ეს ადამიანები თვალებში მიყურებენ ურცხვად" - მიმართა საბა სხვიტარიძემ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას, რის შემდეგაც ნაჭყებიამ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

მოგვიანებით, დარბაზის უკმაყოფილების შემდეგ, პოლიციელებმა სხდომა დატოვეს.

"საჯარო არის სხდომა, ჩემი მეგობარი იკითხება და ამიტომ მოვედი" - განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.

"თუ ნაწამებია [სხვიტარიძე] მიმართონ შესაბამის ორგანოს" - მიმართა ერთ-ერთმა მათგანმა სხვიტარიძის თანაპარტიელებს.

"რაც აქ დება არის სამარცხვინო" - მიმართეს სხვიტარიძის ახლობლებმა სხდომაზე მისულ პოლიციელებს.

"საბა სასამართლო პროცესზე ვართ.

დღეს ერთ-ერთი ცრუ მოწმეს სალომე ედიშერაშვილის დაკითხვის დღეა.

სხდომაზე შემოსვლამდე შემოუშვეს 7 პოლიციელი, რომლებმაც სალომე ედიშერაშვილი უნდა დაიცვას ჩვენგან. თუმცა, გარეთ ისეთ დღეში ჩააგდეს მოსამართლის გამოძახებამდე შემოვარდა შიგნით და აქ დავხვდით ჩვენ.

ადგილები აღარ დარჩა ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის, რასაც რეაგირება მოჰყვა ჩვენი მხრიდან.

მანდატურები ჩვენთან გადმოვიდნენ თავდასხმაზე, ხმაურის და ჭიდაობის შემდეგ შვიდივე პოლიციელმა დატოვა დარბაზი.

პ.ს. გაკვირვებულებმა და გაოცებულებმა, ეს რა საქციელიაო ჩვენც დაინტერესებული პირები ვართ და გვინდა პროცესზე დასწრებაო. ადამიანური ფაქტორიც არ არსებობდა მათში, გაყინული სახეებით ისხდენენ და იმას ვერ გებულობდნენ, რომ ოჯახის წევრები უნდა დასწრებოდნენ სხდომას და არა ისინი ვინც მონაწილეობას იღებდნენ საბას წამებაში." - დაწერა კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, მარიამ შუშანიამ სოციალურ ქსელში.

საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სხვიტარიძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

საბა სხვიტარიძე დაზარალებულადაცაა ცნობილი, მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის საქმეზე.

კომენტარები