რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 277 მებრძოლი დაიბრუნა

Volodymyr Zelenskyy/X

უკრაინაში რუსეთის ტყვეობიდან 277 სამხედრო დაბრუნდა. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებულ ჯარისკაცებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის ეროვნული გვარდიის, სპეციალური სახელმწიფო სატრანსპორტო სამსახურისა და საზღვრის დაცვის მებრძოლები. ისინი მარიუპოლის, დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ლუჰანსკის ოლქებს იცავდნენ. 

რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების გაცვლაში ტრადიციულად იშუამდგომლა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. განცხადებაში უკრაინის საგარეო უწყებამ ქვეყანას მადლობა გადაუხადა შუამდგომლობისთვის. 

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დღემდე უკრაინას რუსეთის ტყვეობიდან ჯამში 4552 ადამიანი დაუბრუნდა. მათ შორის არიან როგორც სამხედროები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები. 

"უკრაინა აგრძელებს დაუღალავად შრომას, რათა ყოველი ჩვენი ადამიანი დავიბრუნოთ. ადამიანის სიცოცხლე ჩვენი პრიორიტეტია - ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც კვლავაც რჩება რუსეთის ტყვეობაში. 

დიდება გმირებს!". - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში და ფოტოსურათებს აქვეყნებს. 

კომენტარები