რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, გერმანული Taurus-ის ტიპის შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე მიტანილი დარტყმა გერმანიის უკრაინის მხარეს ომში პირდაპირ ჩართვად შეფასდება.
ამის შესახებ ზახაროვამ 17 აპრილს გამართული ბრიფინგის დროს ისაუბრა.
"ბუნდესვერის სამხედროების უშუალო დახმარების გარეშე ამ ფრთოსანი რაკეტების გამოყენება საბრძოლო მოქმედებებში შეუძლებელია. მათი მიერ რუსეთის რომელიმე ობიექტზე დარტყმა შეფასებული იქნება როგორც გერმანიის პირდაპირი მონაწილეობა სამხედრო მოქმედებებში," - თქვა ზახაროვამ და დაამატა, რომ ამას გერმანიისთვის "შესაბამისი შედეგები მოჰყვება".
ზახაროვა ასევე ირწმუნება, რომ როდესაც იყენებენ ფრაზას "კიევის რეჟიმის მხარე", რეალურად, იგულისხმება "დასავლური მანიპულაციის ინსტრუმენტი".
გერმანიის მომავალი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი გამოთქვამს მისი მხარდაჭერას იმ იდეის მიმართ, რომ გერმანიამ უკრაინას Taurus-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტები მიაწოდოს. მერცის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ევროპელ მოკავშირეებთან კოორდინირების საფუძველზე იქნება მიღებული.
გერმანიის მოქმედმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც თანამდებობას მაისში დატოვებს, აქამდე უარი განაცხადა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემაზე, რადგან ის მიიჩნევდა, რომ ამგვარი ქმედება კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევდა.
ცნობისთვის, 13 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე მიტანილ სარაკეტო იერიშს 34 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც, ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 117 ადამიანი.





