რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, 2024 წელს საქართველოს მხრიდან "ეჭვგარეშე პოზიტიური სიგნალები" გაჟღერდა, მათ შორის, "სამხრეთ ოსეთისთვის ბოდიშის მოხდის საჭიროებასთან დაკავშირებით".
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სიგნალები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებში გადაიზრდება," - თქვა ზახაროვამ.
ზახაროვა ასევე ირწმუნება, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა რუსეთსა და საქართველოს შორის რუსეთის ბრალი არ ყოფილა და ამაზე იმ დროს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "რეჟიმია" პასუხისმგებელი.
"ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების აღდგენისთვის და მზად ვართ იმდენად შორს წავიდეთ, რამდენადაც ქართული მზარე იქნება მზად. ჩვენთვის ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს," - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.
ზახაროვას თქმით, მოსკოვი მზად არის გააგრძელოს ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განვითარება საქართველოსთან.
"ამისთვის დიდი პოტენციალი არსებობს. რუსეთი საქართველოსთვის კვლავ რჩება მნიშვნელოვან ბაზრად უამრავი მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით, ღვინისა და ხილის პროდუქციისთვის. მეორე მხრივ, რუსეთი კვლავ რჩება საქართველოსთვის ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელი," - ამბობს ზახაროვა.