აშშ-ჩინეთი

Bloomberg: ტარიფების ფონზე, ჩინეთმა ავიაკომპანიებს Boeing-ის თვითმფრინავების იმპორტი შეაჩერებინა

David Ryder/Bloomberg

გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ტრამპის ტარიფებისა და აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ფონზე ჩინურ ავიაკომპანიებს ამერიკული Boeing-ის მიერ დამზადებული თვითმფრინავების იმპორტირების შეჩერება უბრძანა. 

Bloomberg ასევე წერს, რომ ჩინეთმა ავიაგადამზიდ კომპანიებს უბრძანა, ამერიკული კომპანიებისგან თვითმფრინავებისთვის აღჭურვილობისა და ნაწილების აღარ იყიდონ. 

გამოცემის წყაროების თანახმად, ჩინეთი ასევე განიხილავს გზებს, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ავიახაზებს, რომლებიც Boeing-ის თვითმფრინავებს ქირაობენ. როგორც Bloomberg აღნიშნავს, ტარიფების შედეგად ამერიკული თვითმფრინავებისა და თვითმფრინავის ნაწილების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა, რის გამოც ჩინური ავიახაზებისთვის Boeing-ის თვითმფრინავები არაპრაქტიკული გახდა. 

Bloomberg-ის მიხედვით, ჩინური ავიაკომპანიები ბოლო პერიოდში დაახლოებით 10 ცალი Boeing 737 Max-ის ყიდვას აპირებდნენ. 

გამოცემის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Boeing-ის აქციების ფასი წინასწარი ვაჭრობისას 4.6%-ით დაეცა. ამასთან, 14 აპრილის მონაცემებით, კომპანიის აქციები ამ წლის განმავლობაში 10%-ით დაეცა.

მანამდე, სი ძინფინგი საჯაროდ გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს და აღნიშნა, რომ სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა, ხოლო ჩინეთს არავის დათრგუნვის მცდელობის არ ეშინია. 

"სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინ იქნება და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ წასვლა იზოლაციას გამოიწვევს. 70 წელზე მეტია, რაც ჩინეთი ყოველთვის დამოკიდებულია თვითკმარობასა და შრომაზე. არასდროს იყო დამოკიდებული ვინმეს საჩუქრებზე და არ ეშინია არავის მიერ არაგონივრული დათრგუნვის მცდელობის" – ამბობს სი. 

ჩინეთმა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, ამერიკულ საქონელზე იმპორტის გადასახადი 84%-დან ასევე 125%-მდე გაზარდა, რაც ძალაში 12 აპრილს შევა. 

ცნობისთვის, 10 აპრილს, აშშ-ს თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინურ იმპორტში აშშ-ს ჯამში, სულ მცირე, 145%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული. 

კომენტარები