უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ბელგოროდის რეგიონში აქტიურად ოპერირებენ იმ ძალისხმევით, რომ საზღვრის სიახლოვეს მდებარე უკრაინული ქალაქები დაიცვან.
ყოველდღიურ ვიდეო-მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა მეთაურმა ოლექსანდრ სირსკიმ მას ანგარიში წარუდგინა "ფრონტის ხაზზე, კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებში ჩვენი სამხედრო ყოფნის შესახებ".
"ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს მტრის სასაზღვრო არეებში და ეს აბსოლუტურად გამართლებულია. ომი იქ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც მოვიდა.
ჩვენი მთავარი მიზანი იგივე რჩება: დავიცვათ ჩვენი მიწა და მოსახლეობა სუმისა და ხარკივის რეგიონებში რუსი ოკუპანტებისგან". - თქვა ზელენსკიმ.
მიმართვაში ზელენსკიმ უკრაინის 225-ე მოიერიშე პოლკს ბელგოროდის რეგიონში წარმატებით ოპერირებისთვის მიულოცა.
რაც შეეხება კურსკის ოლქს, უკრაინის პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ოლქის ტერიტორიებზე კონტროლის ხელახლა დამყარება მეტწილად შეძლეს, ოპერაცია მაინც წარმატებული იყო, ვინაიდან ამან რუსული ძალები ომის ერთ-ერთ უმთავრესს ფრონტის ხაზს - უკრაინის დონეცკის რეგიონს დააშორა.
"კურსკის მთლიანი ოპერაციის შედეგად, ჩვენ შევძელით, რომ სხვა ფრონტის ხაზებზე ზეწოლა შეგვემსუბუქებინა, კერძოდ, დონეცკის რეგიონში". - თქვა პრეზიდენტმა.
გასულ თვეში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის არმია რუსეთში, "კურსკის რეგიონის ცოტა ქვევით", "კონკრეტულ ქმედებებს" ახორციელებდა. ამით, იმ დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ბელგოროდის რეგიონში ჯარების ყოფნაზე მიანიშნა.
რუსულ რეგიონში უკრაინული ჯარების ყოფნის შესახებ თავდაპირველად ცნობები რუსმა Z-ბლოგერებმა გაავრცელეს. ისინი რეგიონში რუსულ და უკრაინულ სამხედროებს შორის შეტაკებებზე წერდნენ.





