რუსულ ომის მხარდამჭერ ტელეგრამ არხებზე 18 მარტის დილიდან ირწმუნებიან, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შევიდნენ.
დილის საათებში არხ Два майора-ზე გავრცელდა ცნობა, რომ ბელგოროდის ოლქში მდებარე ვიაზოვოესა და გრაფოვკის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება შეიზღუდა. ნათქვამი იყო, რომ გზა დანაღმულია და გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ უკრაინელებმა ამისთვის დრონები გამოიყენეს. მცირე ხნის შემდეგ ამავე არხზე გავრცელდა ცნობა, რომლის მიხედვითაც უკრაინელი სამხედროები გრაფოვკის მიმართულებით ცოცხალ ძალას კრებდნენ. საუბარი იყო ქვეითების მიერ საზღვრის კვეთაზე. Z ტელეგრამ არხზე ირწმუნებოდნენ, რომ მოწინააღმდეგის მიერ საზღვრის დამცავი ხაზის გარღვევა არ დაუშვეს. აღნიშნული იყო ისიც, რომ, ადგილობრივების ცნობით, ესმოდათ არტილერიის ხმა ორივე მხრიდან.
აქამდე, გასულ ღამეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბელგოროდის ოლქში 41 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ერთ-ერთ Z-არხზე გავრცელებული ცნობის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის ოლქში შეღწევას ადგილობრივი დროით 06:30-დან ცდილობენ.
Z ტელეგრამ არხი АРХАНГЕЛ СПЕЦНАЗА-ზე ასევე გავრცელდა ცნობა, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ იყო უკრაინელი სამხედროების მიერ თავდაცვის ხაზის გარღვევის მცდელობა, რაც არ დაუშვეს. წერდნენ, რომ მიმდინარეობდა არტილერიის აქტიური მუშაობა. ამასთან ერთად ირწმუნებოდნენ, რომ უკრაინელებმა მარინოს დასახლებული პუნქტის რაიონში ორი სამხედრო საინჟინრო დანადგარის, 5 ჯავშანტრანსპორტიორის შეყვანა სცადეს. Z-არხი ირწმუნებოდა, რომ რუსულმა ძალებმა 2 უკრაინული ტანკი გაანადგურეს. მათივე ცნობით, მთავარი მოძრაობა შეინიშნებოდა კურსკის ოლქის შესაყართან, პოპოვკისა და დემიდოვკის დასახლებული პუნქტების მიმართულებით.
ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონი უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების ქვეშ იყო. მისი მტკიცებით, დაშავდა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაც სამედიცინო დახმარება გაუწიეს. სასაზღვრო შეტაკებებზე მას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
პირველი ცნობებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, Два майора-ზე გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინელები დემოდოვკის, გრაფოვკისა და პრიესლიეს დასახლებული პუნქტებისკენ წინსვლას ცდილობდნენ და ბრძოლები მიმდინარეობდა. როგორც ირწმუნებოდნენ, უკრაინელებმა დაკარგეს სამხედრო ტექნიკა. მათივე ცნობით, ორივე მხარე იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას და ისმის ტანკების მუშაობის ხმაც.
შეტაკებებთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.





