ივანიშვილის პარლამენტის დღის განრიგის მიხედვით, 8 აპრილს, 10:00 საათზე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე "მიწვეულები არიან" ნიკა გვარამია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გოჩა მუკბანიანი, ნიკოლოზ ჯანჯალაშვილი, ლერი ბერიტაშვილი, ლევან ტერაშვილი, ბესიკ ბერიტაშვილი და ია მეტრეველი.
ამავე დოკუმენტის თანახმად, "სხდომაზე განსახილველი საკითხებია: ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება 2003–2012 წლებში; სამოქალაქო საზოგადოების როლი ამავე პერიოდში და 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები; ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე; ე.წ. ზილების რევოლუციის საქმე."
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ უკვე წარუდგინა ბრალი თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს.
კოალიცია ცვლილებისთვის 25 მარტის განცხადებით, ოცნების მიერ შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, რადგან მათი თქმით, ამ პროცესის მიზანი ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანაა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე.