წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია

არ გამოვცხადდებით ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომებზე – კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებით, ოცნების მიერ შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, რადგან მათი თქმით, ამ პროცესის მიზანი ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანაა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე.

"კოალიცია ცვლილებისთვის, ჩვენი წარმომადგენლები, არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზე არც ერთი სტატუსით და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს კომისია არალეგიტიმური და უკანონოა ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი.

ამ პროცესის მიზანია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე, რაც არა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რუსი ოლიგარქის ინტერესია.

არ ვაპირებთ, ოლიგარქს ამის შესაძლებლობა მივცეთ.

მხარდაჭერას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებმაც უარი განაცხადეს ივანიშვილის ფარსში მონაწილეობაზე". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 24 მარტს წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარა.

25 მარტს სხდომაზე მისვლაზე უარის თქმის შემდეგ, კომისიამ კენჭისყრის საშუალებით გადაწყვიტა, რომ ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურას გადასცეს.

"თუ კომისიაზე დაბარებული პირი სხდომაზე არ გამოცხადდება, ამისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული - 1 წლამდე საპატიმრო სასჯელიც კი [...] ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, რომ ხუმრობას არ ვაპირებთ და ყველა ადამიანი, ვინც, განსაკუთრებით, წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, კეთილს ინებებს და კომისიის წინაშე მობრძანდება და მერე არ იტყვის, რომ არ ვიცოდი, რომ თურმე, ამისთვის საკმაოდ მკაცრი სასჯელი არსებობდაო". - თქვა თეა წულუკიანმა სხდომაზე 21 მარტს.

კომისიის სხდომაზე არც ბადრი ჯაფარიძე გამოცხადდა, რომელსაც 16:00 საათამდე ჰქონდა დრო, რომ სამდივნოსთვის ეცნობებინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

26 მარტს კომისია ჯაფარიძის გამოუცხადებლობის გამო პროკურატურისთვის მიმართვაზე იმსჯელებს.

კომენტარები