დროებითი საგამოძიებო კომისია

ბოკერია კომისიაზე დაბარებაზე: თუ არ დამიბარებენ, მომხრეების თვალშიც დასაცინები გახდებიან

კითხვა დამისვეს, დაგიბარეს თუ არაო და ჯერჯერობით მე არ გამიგია, არც მომსვლია.

მგონი, არავის მისვლია [შეტყობინება], მაგრამ საჯაროდ ახსენეს რამდენიმე გვარი წინა ხელისუფლებიდან და მე არ ვუხსენებივართ.

მე თუ არ მახსენებენ და არ დამიბარებენ ამ კომისიაზე, ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე აგრესიული მომხრეების თვალშიც კი დასაცინები გახდებიან. მე თუ არ მიბარებენ, აბა, რაზეა ხომ საერთოდ ლაპარაკი?

არა იმიტომ, რომ ჩემს როლს ვუსვამ ხაზს წინა ხელისუფლების დროს - ამ შემთხვევაში ამას არ ვგულისხმობ ან რამე განსაკუთრებულობას - უბრალოდ, მათი პროპაგანდა წლების განმავლობაში ასე, ჩემი გვარის რეჟიმად იხსენიებდა, ტყუილ-მართალში აზელილ პოლიტიკურ ბრალდებებსა და მთლიანად სიცრუეზე დამყარებულ კონკრეტულ ბრალდებებს ისროდა. ამას დღემდე აგრძელებენ სხვადასხვა დოზით.

ამ დროს თუ მე არ მეძახით მაგ კომისიაზე, ანუ პირდაპირ თქვენით აცხადებთ, რომ ეს კლოუნადაა და სხვა მოსაზრებებით არჩევთ ამას - ხოლო თუ დამიბარებენ, რა თქმა უნდა, დემონსტრაციულად ამ კლოუნადაში, ამ არალეგიტიმურ პარლამენტში მონაწილეობას არ მივიღებ. 

ლეგიტიმურიც კი რომ ყოფილიყო, - ან ასეთი მკაფიო არ ყოფილიყო მათი არალეგიტიმურობა მაინც არ მივიღებდი მონაწილეობას.

თქვა პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. 

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ  "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია" შექმნა.

დადგენილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია სამი თვით. თუ საგამოძიებო კომისია რეგლამენტით გათვალისწინებულ 3 თვეში ვერ მოასწრებს თავის საქმიანობას, ამავე რეგლამენტის გათვალისწინებით, მისი ვადა გაგრძელდება, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.

კომენტარები