პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებით, უკრაინაზე გაძლიერებული რუსული საჰაერო იერიშების ფონზე პოლონეთმა სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა.
"რუსეთის ფედერაციის ავიაციის მიერ უკრაინაზე დარტყმების შეწყვეტის შემდეგ პოლონეთისა და მისი მოკავშირეების ოპერირება ჩვენ საჰაერო სივრცეში დასრულდა". - ნათქვამია განცხადებაში.
ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა არ დაფიქსირებულა.
"გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლები მალბორკში არიან დისლოცირებულნი და დღეს ღამით პოლონეთის ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ". - წერია სარდლობის განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთისა და სხვა მოკავშირეების ძალები აკვირდებიან უკრაინაში არსებულ ვითარებას და მზად არიან უზრუნველყონ პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება.
მანამდე, 4 აპრილს რუსების მიერ უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 18-მდე გაიზარდა. ამასთან, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 61 ადამიანი.
რუსებმა კრივოი როგზე იერიში Iskander-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს. რაკეტების სამიზნე ქალაქის საცხოვრებელი უბანი გახდა, რომელთანაც ახლოს სათამაშო მოედანი იყო.





