აშშ-ში ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში ლეგალური სტატუსით მყოფმა რამდენიმე უკრაინელმა მიმდინარე კვირაში ელექტრონული მეილი მიიღო, რომელიც მათ ატყობინებდა, რომ სტატუსი გაუუქმდათ და 7 დღე ჰქონდათ, რათა ქვეყანა დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ფედერალური მთავრობა მათ იპოვიდა". ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აშშ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის პრესსპიკერმა 4 აპრილს განაცხადა, რომ იმეილები უკრაინელებს შეცდომით გაეგზავნათ. პრესსპიკერმა ასევე დააზუსტა, რომ ჰუმანიტარული პროგრამა, რომელიც უკრაინის მოქალაქეებისთვის 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიქმნა, არ შეჩერებულა. უცნობია, თუ ზუსტად რამდენმა უკრაინელმა მიიღო აღნიშნული მეილი.
"თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუყოვნებლივ არ დატოვებთ, თქვენ პოტენციურად სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებების სუბიექტი იქნებით, რაც აშშ-დან თქვენი გაძევებით დასრულდება. კიდევ ერთხელ - სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი თქვენს დროებითი ბინადრობის ნებართვას აუქმებს. გთხოვთ, არ ეცადოთ შეერთებულ შტატებში დარჩენას". - ნათქვამი იყო შეცდომით გაგზავნილ მეილში.
შემდეგი მეილი, რომელიც შეცდომის შესახებ იუწყებოდა, დეპარტამენტმა შესაბამის უკრაინელებს 4 აპრილს გაუგზავნა. მეილში აღნიშნული იყო, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვის პირობები პირვანდელი სახით, უცვლელი რჩებოდა.
ცნობისთვის, გასულ თვეში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში მყოფი 240 000 უკრაინელისთვის, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს გამოექცნენ, დროებითი ლეგალური სტატუსის გაუქმებას გეგმავდა.
Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ს თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა "სიცრუე" უწოდა.
"ეს არის მორიგი ცრუ სიახლე Reuters-ის ანონიმური წყაროებისგან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობენ. სიმართლე: ამ დროისთვის არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული." - ამბობდა თეთრი სახლის სპიკერი.





