მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან ომის გამო უკრაინიდან წამოსული 240 000-ზე მეტი მოქალაქისთვის დროებითი ლეგალური სტატუსის მოხსნას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე და საკითხის მცოდნე სამ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ადმინისტრაცია ზემოხსენებული ნაბიჯის გადადგმას, სავარაუდოდ, აპრილში გეგმავს. შესაძლო ცვლილება უკრაინის მოქალაქეებს დეპორტაციის საფრთხის წინაშე აყენებს.
გავრცელებიდან მცირე ხნის შემდეგ Reuters-ის ცნობას X-ზე გამოეხმაურა თეთრი სახლის სპიკერი, კეროლაინ ლივიტი და ამბავს სიცრუე უწოდა. მისი თქმით, "არანაირი გადაწყვეტილება არაა მიღებული".
Reuters-ის შეფასებით, შესაძლო გადაწყვეტილება მკვეთრად განსხვავდება უკრაინელი მიგრანტების მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკისგან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სტატუსის შესაძლო გაუქმება შეშფოთებას იწვევს მიგრაციის საკითხებში ჩართულ ჯგუფებს შორის და შეიძლება ნეგატიურად აისახოს აშშ-უკრაინის ურთიერთობებზე.
მიგრანტები, რომლებსაც დროებითი ლეგალური სტატუსი არ გააჩნიათ, ქვეყნიდან შეიძლება დაჩქარებულად დაადეპორტირონ.
აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის ფართომასშტაბიან პოლიტიკაში შედის, რომლის მიზანიც იმ 1.8 მილიონზე მეტი მიგრანტისთვის ლეგალური სტატუსის ჩამორთმევაა, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დროებითი ჰუმანიტარული პროგრამების ფარგლებში მიიღეს.





