გერმანიიდან უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს ანტისემიტიზმის ბრალდებით ქვეყნიდან აძევებენ. არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის სამი და აშშ-ს ერთი მოქალაქე ისრაელის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.
აღნიშნულმა პირებმა მიიღეს ცნობა, რომ ქვეყანა 21 აპრილისთვის უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი დეპორტაცია მოხდება. აქტივისტების მიხედვით, ბერლინის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის საიმიგრაციო კანონებს სადამსჯელო ღონისძიებად იყენებენ.
ჯგუფის მიერ გავრცელებული საერთო განცხადების მიხედვით, მათი ქვეყნიდან გაძევება "პროპალესტინური ხმისა და პოლიტიკური დისიდენტების გაჩუმების მორიგი მცდელობაა".
ბერლინის შინაგან საქმეთა და სპორტის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ აქტივისტებმა მიიღეს ქვეყნის დატოვების ბრძანება და მათი ბინადრობის ნებართვები გაუქმებულია.
განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება უკავშირდება 2024 წლის ოქტომბერში ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში გამართულ საპროტესტო აქციებს, როდესაც ძალადობრივი, შენიღბული პირები შეიჭრნენ სასწავლო დაწესებულებაში და შენობას დაზიანებები მიაყენეს.