რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბესენტის თქმით, მინერალების შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად აშშ-ში უკრაინის დელეგაცია ჩავა

აშშ-ს ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი Bloomberg-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მომდევნო დღეებში აშშ-ში უკრაინული დელეგაცია ჩავა იშვიათი მინერალების შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად. 

"ვფიქრობ, უკრაინელთა დელეგაცია ამ კვირის ბოლომდე, ან შემდეგი კვირის დასაწყისში ჩამოვა. ჩვენ არ გვინდა დროის დაკარგვა, რადგან გვჯერა, რომ ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი და უკრაინელი ხალხისთვის, ასევე მშვიდობის დამყარების პროცესისთვის" – ამბობს ბესენტი. 

31 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ ზელენსკი იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან უკან დახევას ცდილობს.

მისი თქმით, ზელენსკის სურს, უკრაინა იყოს NATO-ს წევრი, თუმცა "კარგად იცის, რომ ეს არ მოხდება".

28 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ არის მზად, აშშ-თან მინერალებზე შეთანხმების ფარგლებში, ბოლო წლებში აშშ-ს მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარება ვალად აღიაროს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან მთავარი კომპრომისები უკვე ხაზგასმული იყო საბაზისო შეთანხმებაში, რომელზეც ხელმოწერა თებერვლის ბოლოს ვერ შედგა. აღნიშნულ შეთანხმებაში გამოირიცხა, რომ აშშ-ს მიერ მიწოდებულ დახმარებას უკრაინა აანაზღაურებდა.

"ჩვენ არ მივიღებთ ვალებს, როგორც ეს ვთქვი. ეს აბსოლუტურად ცხადია ჩემთვის". - თქვა ზელენსკიმ.

მანამდე, 27 მარტს, აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალებზე შეთანხმება, შესაძლოა, მომდევნო კვირაში გაფორმდეს და დაამატა, რომ რუსულ მხარეზეა დამოკიდებული აშშ-ს მხრიდან სანქციების გაზრდის ან შემცირების საკითხი.

"რუსეთის ხელმძღვანელობის შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრავს, მოიმატებს თუ შემცირდება სანქციები და, ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი არ იყოყმანებს სანქციების გაზრდაზე, თუ ეს მას მოლაპარაკებებზე უპირატესობას მისცემს". - თქვა ბესენტმა.

 

 

 

კომენტარები