რუსული რეჟიმი

მურუსიძე სანქციებზე: საქართველოში ჩემზე მდიდარი ხალხი არ დადის?

ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლე, ლევან მურუსიძე გაერთიანებული სამეფოს მიერ მისთვის დაწესებულ სანქციებს ტვ ფორმულასთან სატელეფონო საუბარში გამოეხმაურა.

ცნობისთვის დღეს, 2 აპრილს გაერთიანებულმა სამეფომ ივანიშვილის რეჟიმის მოსამართლეებს, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

როგორც ივანიშვილის რეჟიმი სანქცირებული მოსამართლე ამბობს, დიდი ბრიტანეთის მიერ მისთვის დაწესებული სანქციები "რეპუტაციულად სასიამოვნო არ არის".

"რაშიც დასჭირდათ რუმინეთში სასამართლო, რომ არჩევნები გაეუქმებინათ, ასევე სჭირდებათ, რომ საქართველოში, ამ ძალების მიერ გაკონტროლებული იყოს სასამართლო სისტემა, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, რაც მათ გლობალურ პოლიტიკას დასჭირდება.

აქ არაფერი კავშირი არ აქვს კორუფციასთან, ბუნებრივია, აი, რა კორუფცია, რომ საქართველოში 30 წლის განმავლობაში თურმე დიდი ბრიტანეთი იმდენად შეწუხდა ლევან მურუსიძის კორუფციით, რომ რა კორუფცია?

საქართველოში ჩემზე მდიდარი ხალხი არ დადის?

მოულოდნელი ჩემთვის არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არაფერი კავშირი ამასთან კორუფციასთან არ აქვს, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოხდეს სასამართლო სისტემის დამორჩილება, გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, როგორიც არის საჭირო იმ პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც გარე ქვეყნებს აქვთ, სურვილი, რომ საქართველოში განახორციელონ. ერთადერთი რაც მე მაქვს სახელფასო ბარათია, დანარჩენი, რა ვქნათ, რაღაცა იქნება, ხელფასს ხომ ვერ დამიკავებენ, ბოლო ბოლო.

საუბარია იმაზე, რომ აი, ხომ ხედავთ, ჩვენ ურჩ მოსამართლეებს, რომლებიც ჩვენ არ გვემორჩილება და არ არის იმ კალაპოტში, რომელიც ჩვენ გვინდა, ხომ, აი, რას ვუკეთებთ, აი ასე გაგიკეთებთ ყველა მოსამართლეს, რომელიც კანონიერ გადაწყვეტილებას კი არ მიიღებთ, რომელიც არ დაემორჩილებით ჩვენს დირექტივას. 

ჩემთვის ახლა ამას ფინანსურად, სიმართლე გითხრათ, დიდი ის არ ექნება, უბრალოდ, ზოგადად, რეპუტაციულად და რაღაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, დიდი ბრიტანეთია ხო, მაინც". - თქვა სანქცირებულმა მურუსიძემ.

კომენტარები