რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მინისტრების თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ბალტიის ქვეყნებს რუსულ საფრთხეს გაუზრდის

© Cover-Images/reuters

ბალტიისპირა ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები დრამატულად გაიზრდება, ვინაიდან რუსეთი შეეცდება, ხელახლა განალაგოს ჯარები NATO-ს ჩრდილოაღმოსავლეთ ფლანგზე. მინისტრების ვარაუდს Financial Times ავრცელებს

ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში ეჭვობენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება. ბალტიის ქვეყნები ამბობენ, რომ კრემლმა სამხედრო წარმოების გაზრდასა და მათ საზღვრებთან ჯარების განლაგებაზე გეგმები უკვე შეიმუშავა. 

"ჩვენ ყველას გვესმის, რომ როდესაც უკრაინაში ომი შეჩერდება, რუსეთი საკუთარ ძალებს ძალიან სწრაფად გადაანაწილებს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვნად და სწრაფად გაიზრდება საფრთხის დონე". - თქვა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა გამოცემასთან საუბრისას. 

პევკურის ლიტველმა კოლეგამ, დოვილე შაკალიენემ, Financial Times-ის ცნობით, ამავე სახის კომენტარი გააკეთა გასულ კვირაში გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის დროს. 

"მოდი, არ გვქონდეს ილუზიები. არ მოვატყუოთ ჩვენს თავებს, რომ რუსეთი უკრაინაზე შეჩერდება. რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დროს გამოიყენებს, რათა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები გაზარდოს. მათ უკვე აქვთ უზარმაზარი, ბრძოლის ველზე გამოცდილი არმია, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება". - თქვა შაკალიენემ. 

როგორც Financial Times წერს, უკრაინასთან ომის შეწყვეტა რუსეთს საშუალებას მისცემს, მიაღწიოს 2022 წელს დასახულ მიზანს 1.5 მილიონიანი ძლიერი არმიის შექმნისა და ჩრდილოეთში, მათ შორის, ფინეთისა და ბალტიის ქვეყნების სიახლოვეს თითქმის ორჯერ მეტი სამხედროს განლაგების შესახებ. 

ესტონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინაში ამჟამად 600 000 რუსი სამხედრო იმყოფება, რომელთაგან 300 000 სამხედროს უკრაინასთან ომის დასრულების შემდგომ რუსეთი კვლავ განალაგებდა სხვა ტერიტორიებზე. 

"ეს კაცები რუსეთის სხვადასხვა ნაწილებში არ დაბრუნდებიან სიმინდის მოსაყვანად ან სხვა რამის გასაკეთებლად, რადგან მათი ხელფასი, რომელსაც არმიაში მსახურების დროს იღებენ, 5-10-ჯერ მეტია, ვიდრე ის, რომელსაც საკუთარ ქალაქებში მიიღებდნენ". - თქვა პევკურმა. 

გამოცემის ცნობით, ბალტიის ქვეყნები განსაკუთრებით ღელავენ ბელარუსისა და რუსეთის საზღვრებთან დაგეგმილ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებზე, სახელად Zapad, რომელთა ჩატარებაც შემოდგომაზე იგეგმება. Zapad რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნებია, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება, როგორც NATO-ს ქვეყნებთან კონფლიქტის სიმულაცია და მოიცავს ათობით ათასს სამხედროს, ტანკს, ავიაგამანადგურებლებს და არტილერიას. 

ზემოხსენებული ორივე მინისტრი ასევე ამბობს, რომ საფრთხის შემცველი იქნება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ თავიანთი ქვეყნებიდან NATO-ს ჯარების უკრაინაში გაგზავნას, როგორც შემაკავებელი ზომა რუსეთის ხელახალი თავდასხმისგან. 

"ჩვენ არ შეგვიძლია, რისკის ქვეშ დავაყენოთ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება. ჩვენ არ უნდა გავებათ მახეში [იმის ფიქრით], რომ ჩვენი ძალები უკრაინაში დიდი ხნის განმავლობაში გაჩერდებიან. საზღვრებთან საფრთხეები შეგვექმნება". - თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

კომენტარები