დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

WSJ: ჰეგსეთმა უცხოელ კოლეგებთან სენსიტიურ შეხვედრებზე საკუთარი მეუღლე მიიყვანა

პიტ ჰეგსეთი და ჰეგსეთის მეუღლე, ჯენიფერი (უკანა პლანზე)

The Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა, რომელსაც Signal-ის ჩათის ბოლოდროინდელი სკანდალის გამო აკრიტიკებენ, საკუთარი მეუღლე, Fox News-ის ყოფილი პროდიუსერი ჯენიფერ ჰეგსეთი ორ შეხვედრაზე მიიყვანა, რომლებზეც უცხოელ კოლეგებთან ერთად სენსიტიურ ინფორმაციას განიხილავდა. გამოცემა ინფორმაციას შეხვედრებზე დამსწრე პირებსა და საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ცნობით, ჯენიფერი ესწრებოდა პენტაგონში 6 მარტს გამართულ შეხვედრას ჰეგსეთსა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრ ჯონ ჰილის შორის, 1 დღის შემდეგ, რაც აშშ-მ უკრაინას სამხედრო დაზვერვის ინფორმაციის გაზიარება შეუწყვიტა. შეხვედრაზე, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მეთაური, ადმირალი ტონი რადაკინიც ესწრებოდა, მხარეებმა აშშ-ს არგუმენტები განიხილეს უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეწყვეტასთან დაკავშირებით და ამასთან, იმსჯელეს აშშ-სა და ბრიტანეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის მომავალზეც. 

აშშ-ს მინისტრს ან დეპარტამენტის მდივანს შეუძლია, მოიწვიოს ვინმე კოლეგებთან შეხვედრებზე, თუმცა დამსწრეთა სია, როგორც წესი, მოიცავს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ესწრებოდნენ შეხვედრას. ასეთ პირებს უსაფრთხოების შემოწმება უნდა ჰქონდეთ გავლილი და მინიჭებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სტატუსი, როგორც WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს, შეხვედრების სენსიტიური ხასიათის გათვალისწინებით.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნების თქმით, ჰეგსეთის მეუღლე ამ დეპარტამენტის თანამშრომელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრებზე მაღალჩინოსნების მეუღლეების დასწრება, რომლებსაც შედარებით დაბალი დონის უსაფრთხოების სტატუსი აქვთ, უჩვეულო არ არის, პენტაგონმა კომენტარი არ გააკეთა იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ამგვარი სტატუსი ჯენიფერს. კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა თავად ჯენიფერ ჰეგსეთმაც. 

WSJ-ს წყაროების ცნობით, პიტ ჰეგსეთის მეუღლე დაესწრო გასულ თვეში ბრიუსელში, NATO-ს მთავარ ოფისში გამართულ შეხვედრასაც, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მაღალჩინოსნებმა უკრაინის დახმარება განიხილეს. პენტაგონის განცხადებით, ოფიციალურ ვიზიტებში ჰეგსეთთან ერთად მონაწილეობას იღებს მისი ძმაც, ფილიპ ჰეგსეთი. 

ბრიუსელში გამართული შეხვედრა, რომელიც თებერვალში NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების კონფერენციის პარალელურად გაიმართა, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეკრება იყო - აშშ-ს ხელმძღვანელობით 50-მდე ქვეყნის ფორუმი, რომელიც პერიოდულად იმართება უკრაინისთვის იარაღის წარმოებასა და მიწოდებაზე და სხვა ტიპის დახმარების საკითხზე. ოფიციალური პირების თქმით, დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე ქვეყნების წარმომადგენლები რეგულარულად წარადგენენ და განიხილავენ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაც მათ არ სურთ.

WSJ-ს ცნობით, აღნიშნულ შეხვედრებზე დამსწრე რამდენიმე უცხოელმა მაღალჩინოსანმა არ იცოდა, ვინ იყო ჯენიფერ ჰეგსეთი. სხვა დამსწრეები გაკვირვებულები იყვნენ ჯენიფერის იქ ყოფნით, თუმცა, წყაროების თქმით, დისკუსიას განაგრძობდნენ. როგორც გამოცემა წერს, უცნობია, ჰქონდა თუ არა ჰეგსეთის მეუღლის დასწრებას მნიშვნელოვანი გავლენა დისკუსიაზე. 

ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 11 მარტს გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით დაამატეს Signal-ის დახურულ ჩატში, რომელშიც იემენელ ჰუსიტებზე იერიშები განიხილებოდა. ჩატში სენსიტიური ინფორმაციისა და პოტენციურად საომარი გეგმების გაზიარების გამო პიტ ჰეგსეთს მკაცრად აკრიტიკებენ. 

წაიკითხეთ ვრცლად Signal-ის ჩატის სკანდალის შესახებ:

ტრამპის ადმინისტრაციამ ჟურნალისტი შემთხვევით იერიშების განხილვის ჩატში დაამატა

კომენტარები