დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ჰეგსეთმა დისკრედიტაცია სცადა ჟურნალისტის, რომელმაც Signal-ის ჩატის შესახებ ცნობები გაავრცელა

პიტ ჰეგსეთი
Allison Robbert / AFP - Getty Images

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა უარყო, რომ არასწორად დაიცვა გასაიდუმლოებული ინფორმაცია და თქვა, რომ "არავინ გზავნიდა ტექსტურად ომის გეგმებს" Signal-ის ჩატში, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ჰუსიტების ტერორისტულ დაჯგუფებაზე იერიშებს საერთო ჩატში განიხილავდნენ, რომელშიც შემთხვევით ჟურნალისტიც იყო დამატებული.

ცნობისთვის, 24 მარტს გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა, დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ის შემთხვევით დაამატეს Signal-ის დახურულ ჩატში, რომელშიც იემენელ ჰუსიტებზე იერიშები განიხილებოდა.

რეპორტიორებთან საუბრისას ჰეგსეთმა გოლდბერგის დისკრედიტაცია სცადა მიუხედავად იმისა, რომ თეთრ სახლსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გავრცელებული ინფორმაციის ავთენტურობა უკვე დადასტურებული ჰქონდათ.

"თქვენ საუბრობთ მატყუარა და ძალზე დისკრედიტებულ ე.წ. ჟურნალისტზე, რომელმაც კარიერა ჭორების გავრცელებით გაიკეთა". - თქვა ჰეგსეთმა გოლდბერგთან დაკავშირებით: "ეს არის ადამიანი, რომელიც ნაგავს ავრცელებს". - დაამატა მან.

BBC-ის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჟურნალისტი შემთხვევით დაამატეს საერთო ჩატში, რომელშიც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნები იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ იერიშებს გეგმავდნენ. ამასთანავე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ ტექსტური შეტყობინებები, "როგორც ჩანს, ავთენტურია".

გოლდბერგის თქმით მან 11 მარტს Signal-ში მაიკლ უოლცის სახელის მქონე ანგარიშიდან მოწვევა მიიღო. უოლცი ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველია. გოლდბერგი წერს, რომ თავდაპირველად ეჭვობდა, მართლაც უოლცისგან მიიღო თუ არა მოწვევა. თუმცა იმედოვნებდა, რომ ტრამპის მრჩეველს სერიოზულ საკითხებზე, უკრაინაზე ან ირანზე საუბარი სურდა. ამიტომაც მან უოლცი აპლიკაციის კონტაქტებში დაამატა.

ორი დღის შემდეგ გოლდბერგმა უოლცის ანგარიშიდან მიიღო საერთო ჩატში დამატების მოწვევა. ჟურნალისტი მოწვევას დაეთანხმა და აღმოჩნდა ჩატში, სახელად "Houthi PC small group". მასში 18 მომხმარებელი იყო, მათ შორის ანგარიშები, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სახელები ან შემოკლებული ზედმეტსახელები ეწერათ. მათ შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, ვიცეპრეზიდენტი ჯეიდი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის მეთაური ტულსი გაბარდი, ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ტრამპის მრჩეველი სტივ უიტკოფი და სხვები.

კომენტარები