ისრაელი-ჰეზბოლა

ისრაელის მიმართულებით ლიბანის ტერიტორიიდან მინიმუმ 5 რაკეტა გაისროლეს

Ayal Margolin/REUTERS

22 მარტს დილით ლიბანიდან ისრაელის ქალაქ მეტულას მიმართულებით მინიმუმ ხუთი რაკეტა იქნა გასროლილი, რაც ჩრდილოეთ საზღვარზე პირველი რაკეტული თავდასხმაა დეკემბრის შემდეგ.  

ჯერ-ჯერობით ლიბანში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰეზბოლას პასუხისმგებლობა არ აუღია.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, საჰაერო დაცვამ ხუთიდან სამი რაკეტა ჩამოაგდო, ხოლო ორი რაკეტა, სავარაუდოდ, ლიბანის ტერიტორიაზე ჩავარდა.  

IDF-მა, გავრცელებული ინფორმაციით, საპასუხოდ სამხრეთ ლიბანში არსებულ სამიზნეებზე საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

ლიბანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ სამხრეთ ლიბანის აღმოსავლეთით, ხოლო სახმელეთო ჯარებმა ჰამამესის ბორცვებზე სამიზნეებს ცეცხლი გაუხსნეს.

თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ მან ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) სარაკეტო თავდასხმაზე საპასუხო მოქმედებების ჩატარება დაავალა და ბეირუთზე შესაძლო დარტყმის შესახებ მუქარა გააჟღერა.  

"ლიბანის სახელმწიფო პასუხისმგებელია [ცეცხლის შეწყვეტის] შეთანხმების დაცვაზე" - აღნიშნულია IDF-ის განცხადებაში.

კომენტარები