საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, დემონსტრანტების საქმის განხილვისას, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე სადამკვირვებლო სტატუსის მქონე პირებს საქმიანობას უზღუდავს.
ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული კონკრეტული მოსამართლის მიერ, სასამართლოს დისკრეციის თვითნებური და საჯაროობის პრინციპის წინააღმდეგ გამოყენებაა.
ირაკლი შვანგირაძე აქციების დროს დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს.
სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნახევრად დახურულ ფორმატში გრძელდება. მას ვერ ესწრებიან ბრალდებულების ოჯახის წევრები და მეგობრები. ასევე უფლებადამცველი და სადამკვირვებლო ორგანიზაციები.
საია-ს განცხადებით, სხდომაზე ასევე არ დაუშვეს სახალხო დამცველის რწმუნებულები.
"მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ სხდომის მიმდინარე ეტაპზე საერთოდ არ განიხილა სხდომის საჯაროდ წარმართვის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა. ხსენებულმა მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა სხდომაზე სადამკვირვებლო სტატუსის მქონე პირების, მათ შორის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორის და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლის, დასწრების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 14 წელია ახორციელებს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგს და ამ ხნის განმავლობაში არასდროს გამოვლენილა ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევის ან სასამართლოს უპატივცემულობის შემთხვევა. მოსამართლის გადაწყვეტილებით უფლებადაცვით ორგანიზაციას დაუსაბუთებლად შეეზღუდა სასამართლო სხდომაზე დაკვირვება. აღნიშნული კი, კონკრეტული მოსამართლის მიერ სასამართლოს დისკრეციის თვითნებური და საჯაროობის პრინციპის საწინააღმდეგო გამოყენებაა. გარდა იმისა, რომ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე დაუსაბუთებლად ზღუდავს სასამართლო სხდომის საჯაროობის პრინციპს, დღევანდელ სხდომაზე გამოვლინდა კომპეტენციური პრობლემაც, როდესაც სახალხო დამცველის რწმუნებულები, რომლებიც, ასევე, მრავალი წელია დახურულ სასამართლო სხდომებსაც ესწრებიან, არ შეუშვეს პროცესზე.
მოსამართლის ამგვარი გადაწყვეტილება, დასაბუთებულად ბადებს განცდას, რომ მას არ შეუძლია საჯარო სხდომის იმგვარად წარმართვა, რომ უზრუნველყოს სხდომის მიმდინარეობისას წესრიგის დაცვა. ამასთან შესაძლოა მის მიერ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მიღებული გადაწყვეტილებები იმდენადაა მოკლებული სამართლებრივ დასაბუთებას, რომ მოსამართლე თავს არიდებს იმ ტიპის საჯაროობის დაცვას, რომლის ფარგლებშიც დამოუკიდებელ, სამართლებრივი საკითხების კვალიფიციურ შეფასებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა სხდომის მიმდინარეობისას სამართლებრივად შეაფასონ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს მოვუწოდებთ დაიცვას სამართლიანი სასამართლოს პროცედურული სტანდარტები და ახლად დაწყებული სამოსამართლეო პრაქტიკა არ განავითაროს არსებული საკანონმდებლო რეგულაციების უგულვებელყოფით, სხდომების საჯაროობის პრინციპის საზიანოდ.
საიას, როგორც უფლებდაცვითი ორგანიზაციის, პერსპექტივიდან სასამართლო პროცესების მონიტორინგი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს პროცესი შესაძლებელს ხდის იმის საზოგადოებრივ მონიტორინგს, თუ რამდენად შეესაბამება სასამართლოს საქმიანობა სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს. პროცესების დახურვა, განსაკუთრებით შესაბამისი დასაბუთების გარეშე, აუფასურებს საჯაროობის პრინციპს და აჩენს მიუკერძოებლობის, სასამართლოზე წვდომის და ბრალდებულის უფლებების დარღვევის რისკს. აღნიშნულით სუსტდება სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობა, მოახდინოს სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური ხარვეზების მონიტორინგი, რაც უარყოფითად აისახება სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციაზე და, შედეგად, მართლმსაჯულების აღსრულების ხარისხზე". - წერს საია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ არ განიხილა ადვოკატების შუამდგომლობა აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო სხდომის გახსნის შესახებ - პროცესი ისევ ნახევრად დახურულ ფორმატში გრძელდება.
5 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ერთ-ერთი ბრალდებული ჯანო არჩაია გააძევეს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა, სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. მას შემდეგ მეორე პროცესია სხდომები ნახევრად დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. პროცესს დაკავებულების ოჯახის წევრები და მეგობრები ვერ ესწრებიან.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.





