აქციებზე დაკავებულები

მოსამართლემ ბრალდებულის ემიგრანტი დედისთვის სხდომაზე დასწრების თხოვნა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ აქციების დროს დაკავებული ირაკლი ქერაშვილის თხოვნა, რომ ემიგრაციიდან დაბრუნებული დედამისისთვის მიეცათ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება, არ დააკმაყოფილა.

"თხოვნით მოგმართავთ, ვინაიდან ემიგრაციიდან არის დაბრუნებული დედაჩემი და ამაღამ მიდის, მინდა, უმორჩილესად გთხოვოთ, რომ დაუშვათ სხდომაზე" - მიმართა სხდომაზე ქერაშვილმა მოსამართლეს.

შვანაგირაძის თქმით, გამონაკლისს ვერც ემიგრანტი დედის შემთხვევაში დაუშვებს.

"თქვენთან დაკავშირებით გამონაკლისს ვერ დავუშვებთ, წესი ყველას ეხება, თუმცა აბსოლუტურად მესმის თქვენი პოზიცია, ადამიანურად". - უთხრა ბრალდებულს მოსამართლემ.

შვანგირაძემ არ განიხილა ადვოკატების შუამდგომლობა აქციების დროს დაკავებული 11 პირის სასამართლო სხდომის გახსნის შესახებ - პროცესი ისევ ნახევრად დახურულ ფორმატში გრძელდება. სხდომას დაკავებულების ოჯახის წევრები და მეგობრები ვერ ესწრებიან.

დღევანდელ სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლეს მიმართვა გადასცა, სადაც პროცესზე ხალხის დაშვების შემთხვევაში, პირობას იძლეოდნენ წესრიგის დაცვაზე. მიმერთვას სასამართლოში მყოფი 130 ადამიანი აწერდა ხელს. მიგინეიშვილმა მიმართვა შუამდგომლობას დაურთო, მაგრამ მოსამართლე შვანგირაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 პირის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.

11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წარდგენილ ბრალდებას არცერთი მათგანი არ აღიარებს.

კომენტარები