რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა ჭიჭინაძისა და 11 დაკავებული პირის (ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის) 25 მარტის სასამართლო მოსმენამდე საქმის დეტალების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მიგინეიშვილის თქმით, პროცესზე გამოცხადებული არცერთი მოწმე "გამოკითხვის ოქმში არ ამბობს, რომ კონკრეტულად ანდრო ჭიჭინაძემ ან რომელიმე მათგანმა მიაყენა მას დაზიანება".
"ეს აუცილებლად უნდა იყოს გამოკითხვის ოქმში, სადაც პიროვნებები არიან “დაზარალებულად ცნობილები”, ამის შედეგად და შემდგომ მათი განცხადებებით წარმოდგენილი არის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც თითქოს ადასტურებს, რომ მათ რაღაც დაზიანებები მიიღეს.
ისინი ცდილობენ, რომ წარმოადგინონ, თითქოს ბრალდებულებმა მიაყენეს ეს დაზიანებები, თუმცა არცერთი მათგანი გამოკითხვის ოქმში არ ამბობს, რომ კონკრეტულად ანდრო ჭიჭინაძემ ან რომელიმე მათგანმა მას მიაყენა დაზიანება.
აქედან გამომდინარე, ასეთი მტკიცებულებები არ არის რელევანტური და საერთოდ, შემხებლობაში არ არის საქმესთან.
ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის ცნობა შეიძლება მოვიდეს მტკიცებულებად, “გააბევრო” ამით საქმე და ვთქვათ, რომ “ეს პიროვნებები დაზიანდნენ”.
თუ არ იქნება ხაზგასმა, რომ ამ პიროვნებებმა დააზიანეს კონკრეტული პიროვნებები, მაშინ არანაირი შემხებლობა არ აქვს ამას საქმესთან". - თქვა მიგინეიშვილმა.