რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

CBS: აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებისგან ერთობლივი განცხადებაა მოსალოდნელი

POOL/AFP via Getty Images

CBS News წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-სა და რუსეთისგან ერთობლივი განცხადებაა მოსალოდნელი მას შემდეგ, რაც 24 მარტს მხარეები საუდის არაბეთში შეხვდნენ შავ ზღვაზე საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ორი წყაროს ცნობით, განცხადება ვაშინგტონის დროით დილის 04:00 საათისთვის (თბილისის დროით 12:00 სთ) იყო მოსალოდნელი, თუმცა ამ დროისთვის სავარაუდო განცხადება ჯერ კიდევ არ გავრცელებულა.

CBS-ის წყაროების თქმით, ჯერჯერობით განცხადების შესახებ დეტალები უცნობი იყო, თუმცა აშშ-ს დელეგაციის მიერ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გაზიარებული დეტალები ოპტიმისტური ჩანდა.

ამასთანავე, ერთი წყაროს თქმით, შეხვედრის დეტალებზე ამერიკული მხარე უკრაინელ მაღალჩინოსნებსაც გაესაუბრა.

ცნობისთვის, 24 მარტს აშშ-სა და რუსეთის დიპლომატებმა ერ-რეიდში 12-საათიანი შეხვედრა გამართეს.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა, რომელიც საუდის არაბეთში 24 მარტს გამართული აშშ-რუსეთის შეხვედრის მონაწილე იყო, თქვა, რომ აშშ-ს დელეგაციასთან შეხვედრა "რთული, მაგრამ სასარგებლო იყო".

"მრავალი პრობლემა განვიხილეთ. რა თქმა უნდა ყველა ვერ გადავჭერით, ყველაფერზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ ასეთი საუბარი რომ შედგა, მიმაჩნია, რომ ძალიან დროულია". - თქვა კარასინმა.

ამასთანავე, ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის მხარეებს შორის შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები აშშ-ს დელეგაციასთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ.

"გუშინ (23 მარტს) შედგა შეხვედრა ამერიკულ გუნდთან. დღეს აშშ-ს წარმომადგენლებმა ილაპარაკეს რუსეთის გუნდთან. ამის შემდეგ იგეგმება უკრაინის და ამერიკის გუნდების შეხვედრა. ასევე ველოდები ახალ მოხსენებას". – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები