23 მარტს კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ 28 აპრილისთვის ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა. მისი თქმით, მას ძლიერი მანდატი სჭირდება, რათა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან წარმოშობილ საფრთხეს შეებრძოლოს.
Reuters წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი არჩევნები 20 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, კარნი ცდილობს იანვრის შემდეგ ლიბერალური პარტიის საზოგადოებრივ გამოკითხვებში გაუმჯობესებული პოზიცია გამოიყენოს.
კარნიმ თქვა, რომ კანადა ახლა მასშტაბური კრიზისის წინაშე დგას, რომელიც ტრამპის სავაჭრო პოლიტიკითა და კანადის სუვერენიტეტისთვის სახიფათო განცხადებებით არის გამოწვეული.
"კანადის უსაფრთხოების, განვითარების, მშენებლობისა და გაერთიანებისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ამიტომაც ვთხოვ ჩემს თანამოქალაქეებს, მომცენ ძლიერი და პოზიტიური მანდატი. მე ახლახან მივმართე გენერალურ გუბერნატორს პარლამენტის დაშლისა და არჩევნების დანიშვნის თხოვნით, რაზეც მან თანხმობა განაცხადა" - თქვა კარნიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
კანადის გენერალური გუბერნატორი არის კანადის სახელმწიფოს მეთაურის, მეფე ჩარლზ III-ის პირადი წარმომადგენელი და მისი თანხმობა აუცილებელია არჩევნების დანიშვნისთვის.





