რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ტრამპის თქმით, ზარის დროს პუტინს უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხი არ უხსენებია

EPA

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინისადმი ამერიკის სამხედრო დახმარება არ განუხილავს.

18 მარტს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რის შემდეგაც თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მხარეები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ხოლო ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ხოლო დაიწყება ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყება.

თავის მხრივ, კრემლის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, პუტინი დათანხმდა ტრამპის შეთავაზებას და რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის დაუყოვნებლივ გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება.

Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა უარყო, რომ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება მოითხოვა.

"არა, მას არ მოუთხოვია, ჩვენ დახმარებაზე არ გვილაპარაკია, ფაქტობრივად ჩვენ საერთოდ არ განგვიხილავს დახმარება". - თქვა ტრამპმა.

"ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ დახმარება არასდროს განგვიხილავს". - დაამატა მან.

თუმცა, რუსეთის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პუტინმა მოითხოვა აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის შეიარაღებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეჩერება. ამის შესახებ ამერიკულ მხარეს არაფერი აქვს ნახსენები.

"ხაზგასმით ითქვა, რომ კონფლიქტის მოგვარებისთვის საკვანძო პირობაა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრულად შეჩერება". – წერია კრემლის განცხადებაში.

სატელეფონო საუბრიდან მალევე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო იერიში მიიტანა.

"ახლა [უკრაინის] ბევრ რეგიონში პირდაპირ ისმის, თუ რა უნდა სინამდვილეში რუსეთს. ჩვენს ცაში დაახლოებით 40 შაჰედია და ისმის საჰაერო თავდაცვის ხმა". - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს, მათ შორის, სუმის საავადმყოფოზე.

დღეს პუტინმა ფაქტობრივად უარყო ცეცხლის სრულად შეწყვეტის წინადადება. სწორი იქნებოდა, რომ საპასუხოდ მსოფლიომაც უარყოს პუტინის ომის გაჭიანურების ნებისმიერი მცდელობა". - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები