რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჯონსონი პუტინზე: ის არ აწარმოებს მოლაპარაკებებს, ის ჩვენ დაგვცინის

ბორის ჯონსონი

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

"რა სიურპრიზია - პუტინმა უარყო უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა. მას სურს განაგრძოს უკრაინის დაბომბვა და უდანაშაულო უკრაინელების ხოცვა". - წერს ჯონსონი პლატფორმა X-ზე

მისი თქმით, პუტინს უკრაინის განიარაღება და ნეიტრალიზაცია სურს, რათა ის "რუსეთის ვასალურ სახელმწიფოდ აქციოს".

"მას [პუტინს] სურს უკრაინა რუსეთის ვასალურ სახელმწიფოდ გადააქციოს. ის არ აწარმოებს მოლაპარაკებებს, ის ჩვენ დაგვცინის". - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმინისტრმა.

მანამდე, 18 მარტს, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ხოლო  ცეცხლი სრულად შეწყვეტაზე მოლაპარაკებები მალე დაიწყება.

კრემლის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, პუტინი დათანხმდა ტრამპის შეთავაზებას და დაუყონებლივ გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება.

თუმცა, რუსეთის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პუტინმა აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის შეიარაღებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეჩერება მოითხოვა.

"ხაზგასმით ითქვა, რომ კონფლიქტის მოგვარებისთვის საკვანძო პირობაა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრულად შეჩერება" – ვკითხულობთ კრემლის განცხადებაში.

სატელეფონო საუბრიდან მალევე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო იერიში მიიტანა.

"ახლა [უკრაინის] ბევრ რეგიონში პირდაპირ ისმის, თუ რა უნდა სინამდვილეში რუსეთს. ჩვენს ცაში დაახლოებით 40 შაჰედია და ისმის საჰაერო თავდაცვის ხმა". - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს, მათ შორის, სუმის საავადმყოფოზე.

"დღეს პუტინმა ფაქტობრივად უარყო ცეცხლის სრულად შეწყვეტის წინადადება. სწორი იქნებოდა, რომ საპასუხოდ მსოფლიომაც უარყოს პუტინის ომის გაჭიანურების ნებისმიერი მცდელობა". - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები