Radio Free Europe/Radio Liberty (RFE/RL)-მ 18 მარტს აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) და მის ოფიციალურ პირებს, კარი ლეიკსა და ვიქტორ მორალესს სასამართლოში უჩივლა, რათა RFE/RL-სთვის ფედერალური გრანტის შეწყვეტის შესახებ მათი მცდელობა შეაჩეროს.
საჩივარში აღნიშნულია, რომ RFE/RL-ისთვის კონგრესის მიერ გამოყოფილი დაფინანსების შეჩერება ფედერალური კანონებისა და აშშ-ს კონსტიტუციის დარღვევაა, რომელიც კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას ფედერალური ბიუჯეტის განკარგვაზე. საქმე აშშ-ს კოლუმბიის ოლქის საოლქო სასამართლოში განიხილება.
"ახლა არ არის იმის დრო, რომ ამერიკის მოწინააღმდეგეების პროპაგანდასა და ცენზურას გზა დავუთმოთ. მიგვაჩნია, რომ კანონი ჩვენს მხარესაა და მსოფლიოში დესპოტების მიერ ჩვენი დასასრულის აღნიშვნა ნაადრევია" - ამბობს RFE/RL-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, სტივენ კაპუსი.
რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, 17 მარტს EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რადიო თავისუფლების დაფინანსების საკითხი განიხილეს, ამასთან დაკავშირებით ჩეხეთის პოზიციას კი ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა დაუჭირეს მხარი.
მანამდე, იოზვიაკი წერდა, რომ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აშშ-ს მიერ რადიო თავისუფლებისთვის დაფინანსების შეწყვეტის მიუხედავად გამოცემის ევროპული ბიუროს შენარჩუნებაზე წინადადებას წარადგენდა.
მანამდე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ, ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა დაიწყონ დისკუსია, რათა "შენარჩუნდეს" რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო, მას შემდეგ, რაც აშშ-ს ადმინისტრაციამ მისი დაფინანსება შეაჩერა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალური სააგენტოს ისეთი ფუნქციების შეწყვეტა დაევალება, რომელთა შესრულებაც წესდებით დადგენილი არ არის.
სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:
- მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;
- აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;
- ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;
- სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;
- აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;
- თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;
- უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.
ცნობისთვის, აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (U.S. Agency for Global Media) ზედამხედველობს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა ამერიკის ხმა (Voice of America), რადიო თავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia).