გამოცემები The Hill და Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკის ხმის ჟურნალისტები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) რესურსები და საქმიანობა შეზღუდა.
გამოცემები წერენ, რომ USAGM-ის HR-ის აღმასრულებლის მიერ VOA-ს ჟურნალისტებისთვის მიწერილი მეილი მოიპოვეს. მეილში წერია, რომ ეს "დისციპლინარული მიზნებისთვის არ კეთდება" და თანამშრომლები გაშვებულები არიან "ადმინისტრაციულ შვებულებაში სრული ანაზღაურებით და შეღავათებით".
ჯერჯერობით შვებულებაში გაშვებული დასაქმებულების რაოდენობა უცნობია, თუმცა The Hill-თან საუბრისას ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ შვებულებაში VOA-ს თანამშრომლების "უმეტესობა" გაუშვეს.
მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, VOA-ს თანამშრომლებს სამუშაო შენობებში შესვლა აეკრძალათ HR-ის აღმასრულებელი დირექტორის ნებართვის ან ზედამხედველების წინასწარი ნებართვის გარეშე.
"ეს ბრძანება განაგრძობს იმ ფედერალური ბიუროკრატიის ელემენტების შემცირებას, რომლებიც პრეზიდენტმა არასაჭიროდ განსაზღვრა". - წერია განკარგულებაში.
გარდა ამისა, რადიო თავისუფლების თანახმად, აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) შეატყობინა, რომ აშშ-მ გამოცემას ფედერალური გრანტის შეთანხმება შეუწყვიტა.
- ტრამპმა 7 სააგენტოს ისეთი ფუნქციების შეწყვეტა დაავალა, რომლებიც წესდებით დადგენილი არ არის
- დაფინანსების შეწყვეტა აშშ-ს მტრებისთვის საჩუქარი იქნება – რადიო თავისუფლების პრეზიდენტი
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალური სააგენტოს ისეთი ფუნქციების შეწყვეტა დაევალება, რომელთა შესრულებაც წესდებით დადგენილი არ არის.
სააგენტოებისა და დეპარტამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება, ასე გამოიყურება:
- მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;
- აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;
- ვუდროუ უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;
- სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;
- აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;
- თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;
- უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.
ცნობისთვის, აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის (U.S. Agency for Global Media) ზედამხედველობს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა ამერიკის ხმა (Voice of America), რადიო თავისუფლება (Radio Free Europe/Radio Liberty და Radio Free Asia).