CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ს ოფიციალური სამხედრო პირები მიიჩნევენ, რომ რუსეთი და ჩინეთი აქტიურად ცდიან ახალ შეტევით შესაძლებლობებს კოსმოსში. ისინი მიუთითებენ ამ ქვეყნების მიერ ბოლო თვეებში სატელიტების ჩართულობით ჩატარებულ წვრთნებზე.
CNN წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური პირის ცნობით, სულ რამდენიმე დღის წინ, რუსული სატელიტები მონაწილეობდნენ "შეტევის და თავდაცვის ტაქტიკებს" წვრთნებში.
CNN-ს წყარო უყვება, რომ ამერიკელი სამხედროები აკვირდებოდნენ, თუ როგორ მუშაობდნენ რამდენიმე რუსული სატელიტი კოორდინირებულად, რათა ალყა შემოერტყათ სხვა სატელიტისთვის, რომელიც დედამიწის დაბალ ორბიტაზე იმყოფებოდა. ასეთი მანევრებით მათ შეეძლებათ სამომავლო კონფლიქტში მტრის კოსმოსური აპარატებზე შეტევა განახორციელონ.
ამავე წყაროს ცნობით, რუსეთის მთავარი მიზანი კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებაა. ასევე, რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული სატელიტური გადაადგილებები მიუთითებს, რომ ისინი აქტიურად ემზადებიან კოსმოსში შესაძლო სამხედრო დაპირისპირებისთვის.
გასული წლის განმავლობაში ჩინეთმაც განახორციელა მსგავსი წვრთნები კოსმოსში. 2024 წლის დეკემბერში, რამდენიმე ჩინურმა სატელიტმა ახლო ფორმირებაში მოახერხეს მანევრირება - რამაც შესაძლო სამხედრო გამოყენების შესახებ აშშ-ში შიშები გააძლიერა.
წყაროს მიხედვით, აშშ-ს კოსმოსური ძალების ოფიციალური პირების ყურადღება გამახვილებულია საკუთარი შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე, რათა უზრუნველყონ, რომ ვერც რუსეთი და ვერც ჩინეთი ვერ შეძლებენ კოსმოსში მანევრულობის გამოყენებას სამხედრო უპირატესობის მისაღებად და „ბლიცკრიგის“ სტილის თავდასხმის განხორციელებისთვის.
აშშ-ს კოსმოსური ძალების სადაზვერვო შტაბის მტკიცებით, აშშ კვლავ ინარჩუნებს უპირატესობას კოსმოსში როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის მიმართ, თუმცა ორივე ქვეყანა ავითარებს ახალ სისტემებს სამხედრო ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად და ამერიკულ ტექნოლოგიაზე დამოკიდებულების დასრულებისთვის.
გასულ წელს, CNN წერდა რუსეთის მცდელობის შესახებ, შეექმნა კოსმოსში განლაგებული ბირთვული იარაღი, რომელიც მასიური ენერგეტიკული ტალღის, ე.წ. ელექტრომაგნიტური იმპულსის (EMP) გამოყენებით, პოტენციურად გამოირთავდა დიდი რაოდენობის კომერციულ და სამთავრობო სატელიტებს.
აშშ, რუსეთი და ჩინეთი 1967 წლის კოსმოსის შესახებ ხელშეკრულების ხელმომწერები არიან, რომელიც კრძალავს მასობრივი განადგურების იარაღის განლაგებას კოსმოსში. თუმცა, CNN-ის მიხედვით, კოსმოსური შეიარაღების რბოლის შესახებ მზარდი შიშების ფონზე, ეს ხელშეკრულება უფრო და უფრო წარსულის რელიკვიას ემსგავსება.
გასული წლის აპრილში, რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ბირთვული იარაღის განლაგების აკრძალვას კოსმოსში.
აშშ-ს კოსმოსური ძალების ოფიციალური პირების განცხადებით, ჩინეთმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა კოსმოსური შესაძლებლობები. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ჩინეთს ორბიტაზე 1,060-ზე მეტი სატელიტი ჰყავდა, რაც მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.