საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამოცემა Le Parisien-თან მას შემდეგ ისაუბრა, რაც 15 მარტს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრას იმ ქვეყნების პირველი პირები ესწრებოდნენ, რომლებიც მზად არიან წვლილი შეიტანონ უკრაინის მომავალი მშვიდობის უზრუნველყოფაში.
მაკრონის თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებამ "მოხსნა ზეწოლა უკრაინაზე და ის რუსეთზე გადაიტანა".
"როდესაც რუსეთი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინული არმიისთვის შესვენება იქნება, ის ნათლად ამბობს, რომ [კონფლიქტთან] დაბრუნება და კიდევ უფრო შორს წასვლა სურს". - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
სამშვიდობო ძალების უკრაინაში გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით მაკრონმა აღნიშნა, რომ მიზანი მრავალრიცხოვანი არმიის გაგზავნა არ არის. "ყველაზე დიდი ევროპული არმია დღეს უკრაინას ჰყავს". - თქვა მან.
მისი თქმით, განიხილება "სტრატეგიულ წერტილებში თითო ქვეყნიდან რამდენიმე ათასი ჯარისკაცის საწვრთნელი პროგრამებისთვის განლაგება."
გამოცემა Le Parisien წერს, რომ ჯარისკაცების განლაგება კიევში, ოდესასა და ლვოვში განიხილება. "მიზანი მხარდაჭერის ხანგრძლივი დროით ჩვენებაა". - განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თუ ის ითხოვს, რომ მოკავშირეთა ძალები მის ტერიტორიაზე იყვნენ, "ეს რუსეთის გადასაწყვეტი არ არის".
მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინისთვის Mirage 2000-ების და დამატებითი საფრენი აპარატების მიწოდება, მათ შორის, "იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც მათ იყენებენ".
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ფრანგების ჩართულობა მისთვის მოულოდნელი არ არის, რადგან "საფრანგეთის მორალურ ძალაში" დარწმუნებულია.
მანამდე, 12 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, განაცხადა, რომ ევროპა უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის იდეით არის შეპყრობილი, თუმცა ეს არ არის ის, რაც კონფლიქტის დასრულებისთვის არის საჭირო.
ამერიკელ ბლოგერებთან, მარიო ნაუფალთან, ლარი ჯონსონსა და ენდრიუ ნაპოლიტანოსთან ინტერვიუში საუბრისას ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინელების მეშვეობით დასავლეთმა ომი რუსეთის წინააღმდეგ წამოიწყო.
"ყველაზე მეტად მაოცებს სამშვიდობო ძალების აკვიატებული იდეა. მაკრონი ამბობს: ერთ თვეში მათ განვათავსებთ. ეს არ არის ის, რაც, ჩვენი აზრით, აუცილებელია ამ ომის დასასრულებლად. ეს ომი დასავლეთმა ჩვენ წინააღმდეგ წამოიწყო, უკრაინელების მეშვეობით და მათი სამხედრო ძალების პირდაპირი ჩარევით. ჩვენ ეს ვიცით". - განაცხადა ლავროვმა.