სერბეთი

ვუჩიჩი: როდესაც ამდენი ადამიანი იკრიბება, მთავრობამ უნდა გაიაზროს მესიჯი

REUTERS/Johanna Geron

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ბელგრადში გამართული პროტესტის მესიჯი მთავრობამ უნდა შეისმინოს.

ვუჩიჩის თქმით, ის "უზარმაზარი ნეგატიური ენერგია და ბრაზი", რომელიც მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული, ხელისუფლებაში მყოფმა ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს.

"როდესაც ამდენი ადამიანი იკრიბება, მთავრობაში მყოფმა ყველა ადამიანმა უნდა გაიაზროს მესიჯი, ჩვენ მოგვიწევს საკუთარი თავის შეცვლა". - თქვა სერბეთის პრეზიდენტმა.

მთავრობის მტკიცებით, 15 მარტს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობა 88 000-დან 107 000-მდე მერყეობდა. თუმცა, არაოფიციალურმა ორგანიზაციამ, სახალხო შეკრებების არქივმა, რომელიც სერბეთში საპროტესტო აქციების ზომას აფასებს, მონაწილეთა რაოდენობა 275 000-დან 325 000-მდე განსაზღვრა.

ვუჩიჩის თქმით, პროტესტის დროს 56 ადამიანი დაშავდა, თუმცა არცერთ მათგანს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ მიუღია. პრეზიდენტის განცხადებით, საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და პოლიციელებისა და სხვა პირების წინააღმდეგ თავდასხმის გამო 22 ადამიანი დააკავეს.

პრესკონფერენციაზე მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობას "ფერადი რევოლუცია" არ სურს. 

ვუჩიჩმა განაცხადა, რომ პოლიციას თავშეკავებისკენ მოუწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ "მათ, ვინც სიმშვიდეს საფრთხეს შეუქმნის, დააკავებენ". 

სერბეთში უკვე რამდენიმე თვეა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტის შემდეგ, რომელიც მომიტინგეების თქმით, ქვეყანაში ზოგადად გავრცელებული კორუფციის ბრალია, საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის მთავარი მოთხოვნაც ვუჩიჩმა და მომხდარზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ.

15 მარტს ბელგრადში ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები