პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 12 მარტს თქვა, რომ პოლონეთის გავლით უკრაინისთვის აშშ-ს სამხედრო დახმარების მიწოდება უკვე გაგრძელებულია.
წინა დღით საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის თითქმის რვასაათიანი შეხვედრის შემდეგ, აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებასა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე არსებული პაუზის მოხსნაზე დათანხმდა.
"მე ვადასტურებ ამას". - თქვა შიკორსკიმ: "იასიონკის გავლით შეიარაღების მიწოდება მანამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა".
პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იასიონკის აეროპორტი უკრაინის მომარაგების მთავარი ჰაბია, რომლის გავლითაც უკრაინას დახმარების ძირითადი ნაწილი მიეწოდება.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის დელეგაციამ მზადყოფნა გამოთქვა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით, თუ ამ წინადადებას მხარს რუსეთიც დაუჭერს.
"უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ს წინადადება, რომ ამოქმედდეს დაუყოვნებელი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომლის გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება მხარეთა ურთიერთთანხმობის შედეგად და რომელიც მიღებული იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ საპასუხო ამოქმედების შემთხვევაში." - ნათქვამია დელეგაციების ერთობლივ განცხადებაში და დამატებულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე რუსეთთან კომუნიკაცია აშშ-ს ექნება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დელეგაციებმა განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში სამხედრო ტყვეების გაცვლის, დაპატიმრებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებისა და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობა. დელეგაციები ასევე შეთანხმდნენ განსაზღვრონ თავიანთი მოლაპარაკებების ჯგუფების შემადგენლობა და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას.
ასევე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები "შეთანხმდნენ, რაც შეიძლება სწრაფად გააფორმონ ყოვლისმომცველი შეთანხმება უკრაინის კრიტიკული მინერალური რესურსების განვითარებაზე, რათა გააძლიერონ ქვეყნის ეკონომიკა და უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობა და უსაფრთხოება".
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამშვიდობო პროცესში ჩართული უნდა იყვნენ ევროპელი პარტნიორებიც.