უკრაინული გამოცემა Мілітарний საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკულმა აეროკოსმოსის კომპანიამ, Maxar Technologies-მა უკრაინას გაძლიერებული გლობალური გეოგრაფიული დაზვერვის გაზიარების (GEGD) პროდუქტის ფარგლებში სატელიტურ გამოსახულებებზე წვდომა აღუდგინა.
ამის შესახებ გამოცემა პროდუქტის დაუსახელებელ მომხმარებლებზე დაყრდნობით წერს.
მანამდე, აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, მათ შორის, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც უკრაინელებს რუსეთზე შორი რადიუსის იერიშების მიტანაში ეხმარებოდა.
Мілітарний-ის წყაროების თქმით, მათ მიიღეს შეტყობინება, რომ მომსახურება "ადმინისტრაციული მოთხოვნის საფუძველზე შეუჩერდათ". გამოცემის თანახმად, Maxar-მა მომსახურება თეთრი სახლის გადაწყვეტილების გამო შეაჩერა.
ცნობისთვის, Maxar Technologies უკრაინელი მომხმარებლებისთვის სატელიტური გამოსახულებების მთავარი კომერციული მიმწოდებელია, რასაც უკრაინული მხარე, მათ შორის, რუსი ჯარისკაცების გადაადგილებაზე ინფორმაციის მოპოვებისთვისა და მტრის სამიზნეებზე იერიშის შედეგების დასადასტურებლად იყენებს.
11 მარტს საუდის არაბეთში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების სტრუქტურა განიხილეს.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში უკრაინის დელეგაციამ გამოთქვა ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მზადყოფნა, თუ ამ წინადადებას მხარს რუსეთიც დაუჭერს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ აუქმებს სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარებაზე დაწესებულ პაუზას უკრაინასთან.
"უკრაინამ გამოტქვა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ს წინადადება, რომ ამოქმედდეს დაუყოვნებელი, დროებითი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომლის გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება მხარეთა ურთიერთთანხმობის შედეგად და რომელიც მიღებული იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ საპასუხო ამოქმედების შემთხვევაში." - ნათქვამია დელეგაციების ერთობლივ განცხადებაში და დამატებულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე რუსეთთან კომუნიკაცია აშშ-ს ექნება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დელეგაციებმა განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში სამხედრო ტყვეების გაცვლის, დაპატიმრებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებისა და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობა. დელეგაციები ასევე შეთანხმდნენ განსაზღვრონ თავიანთი მოლაპარაკებების ჯგუფების შემადგენლობა და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას.
ასევე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები "შეთანხმდნენ, რაც შეიძლება სწრაფად გააფორმონ ყოვლისმომცველი შეთანხმება უკრაინის კრიტიკული მინერალური რესურსების განვითარებაზე, რათა გააძლიერონ ქვეყნის ეკონომიკა და უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობა და უსაფრთხოება".
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამშვიდობო პროცესში ჩართული უნდა იყვნენ ევროპელი პარტნიორებიც.
შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ღონისძიება ტრამპს, ზელენსკისა და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა.
ოვალურ კაბინეტში გამართული კატასტროფული შეხვედრიდან მალევე ვაშინგტონმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, მათ შორის, სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, რომელიც უკრაინელებს რუსეთზე შორი რადიუსის იერიშების მიტანაში ეხმარებოდა.





