რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

AP: უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე შეხვედრას 30-ზე მეტი ქვეყნის მაღალჩინოსანი დაესწრება

AP Photo/Christophe Ena

გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, ორშაბათს ფრანგმა სამხედრო მაღალჩინოსანმა თქვა, რომ დღეს, 11 მარტს, 30-ზე მეტი ქვეყნიდან სამხედრო მაღალჩინოსნები პარიზში მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინაში საერთაშორისო უსაფრთხოების ჯარების შექმნასთან დაკავშირებით.

ფრანგი ოფიციალური პირის თქმით, დაგეგმილ შეხვედრაზე დისკუსიებში მონაწილეობას ასევე აზიური და ოკეანეთის სახელმწიფოებიც მიიღებენ, რომლებიც შეხვედრას დისტანციურად დაესწრებიან.

მისი დახასიათების მიხედვით, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, რომლებიც ერთად მუშაობენ სამშვიდობო ძალის შესაქმნელ გეგმებზე, ცდილობენ, "უნარიან და მსურველთა" კოალიცია შეკრან, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებით უზრუნველყოფის ძალისხმევის შემადგენელი ნაწილი იქნება, თუკი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება დაიდება.

მაღალჩინოსანმა დაამატა, რომ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო განიხილავენ სამშვიდობო ძალების შექმნას, რომლის მიზანიც უკრაინის დაზღვევა და რუსეთის მხრიდან მომდევნო ფართომასშტაბიან თავდასხმას აღკვეთა იქნება.

მისი თქმით, ეს გეგმა შეიძლება მოიცავდეს მძიმე ტექნიკასა და იარაღის მარაგებს, რომლის უკრაინაში გადაგზავნაც საათების ან დღეების განმავლობაში იქნება შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ რუსული თავდასხმა ნებისმიერი სახის ზავის დარღვევას გამოიწვევს.

გამოცემას ფრანგმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ ფრანგულ-ბრიტანული გეგმა 30-ზე მეტი სახელმწიფოს სამხედრო მაღალჩინოსანს 11 მარტს დაგეგმილი მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე წარედგინება. ხოლო მეორე ეტაპზე "უფრო ზუსტი და კონკრეტული" დისკუსიები გაიმართება, სადაც მონაწილეებს მიიწვევენ, რათა მათ განაცხადონ, როგორ შეძლებენ მათი ჯარები გეგმის შესრულებაში წვლილის შეტანას.

თუმცა, მაღალჩინოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სამშვიდობო ჯარში მონაწილეობის შესახებ პოლიტიკურ დონეზე, მთავრობის ლიდერების მიერ იქნება მიღებული.

Associated Press-ის ინფორმაციით, პარიზში დაგეგმილ შეხვედრას თითქმის NATO-ს ყველა წევრი სახელმწიფო დაესწრება, აშშ-ს გარდა.

მაღალჩინოსნის თქმით, აშშ შეხვედრაზე არ მიიწვიეს, რადგან ევროპულ სახელმწიფოებს სურთ, აჩვენონ, რომ ევროპულ ქვეყნებს ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში უკრაინისთვის უსაფრთხოების გეგმების ძირითად ნაწილზე პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან ირლანდიისა და კვიპროსის გაერთიანებული შტაბების უფროსები, ასევე ავსტრიის წარმომადგენელიც - შესაბამისად, ყველა ის ქვეყანა, რომელიც NATO-ს წევრი არ არის, თუმცა ევროკავშირშია. ამას გარდა, შეხვედრაზე იქნებიან ავსტრალია და ახალი ზელანდიაც, რომლებიც თანამეგობრობის სამეფოები არიან, ხოლო იაპონია და სამხრეთ კორეა მოლაპარაკებებს დისტანციურად დაესწრებიან. შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს სამხედრო მაღალჩინოსანი წარმოადგენს, რომელიც ასევე ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წევრიცაა.

კომენტარები