გერმანია

მერცი: საფრანგეთთან და ბრიტანეთთან ბირთვული იარაღის განაწილების საკითხზე უნდა ვისაუბროთ

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი

გერმანიის მომავალი კანცლერის, ფრიდრიხ მერცის, განცხადებით, მას სურს მოლაპარაკებები დაიწყოს საფრანგეთთან და ბრიტანეთთან ბირთვული იარაღის განაწილების შესახებ.

"ბირთვული იარაღის განაწილება ის საკითხია, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ერთად უნდა გავძლიერდეთ ბირთვული შეკავების მიმართულებით". - განაცხადა მან რადიო Deutschlandfunk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს მოლაპარაკებები  აშშ-ს ბირთვული დაცვის ჩანაცვლებას არ გულისხმობს.

"ჩვენ ორივე ქვეყანასთან [საფრანგეთთან და ბრიტანეთთან], ყოველთვის იმ პერსპექტივიდან უნდა ვისაუბროთ, რომ ეს იქნება ამერიკული ბირთვული ფარის გაძლიერება, რომლის შენარჩუნებაც, რა თქმა უნდა, გვსურს". - განაცხადა გერმანიის მომავალმა კანცლერმა.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს დაიწყებს, რათა საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობები ევროპელი მოკავშირეების დასაცავად იყოს გამოყენებული.

"ჩვენი ბირთვული შეკავება ჩვენ გვიცავს. მე გადავწყვიტე, სტრატეგიული დებატები დავიწყო ჩვენი შეკავების საშუალებით ევროპის კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დაცვასთან დაკავშირებით". - თქვა მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას.

სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ "ევროპის მომავალი ვერ გადაწყდება რუსეთის ან ვაშინგტონის მიერ".

კომენტარები