რუსეთმა დონეცკის ოლქში ქალაქ დობროპოლიეზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.
იერიშს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი.
"ასე ხდება, როდესაც ვინმე ბარბაროსების დაშოშმინებას ცდილობს. მეტი ბომბი, მეტი აგრესია, მეტი მსხვერპლი. კიდევ ერთი ტრაგიკული ღამე უკრაინაში". – წერს X-ში პოლონეთის პრემიერმინისტრი.
ტუსკის გარდა უკრაინის დაბომბვას გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი:
"რუსული რაკეტები უკრაინას დაუნდობლად ეცემა, მეტი სიკვდილი და მეტი განადგურება მოაქვთ.
პუტინი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მშვიდობის ინტერესი არ აქვს.
ჩვენი სამხედრო დახმარება უნდა გავაძლიეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უმაღლეს საფასურს კიდევ უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მცხოვრები გადაიხდის".





