რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დობროპილიას რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 5 ბავშვია.
ინფორმაციას Reuters უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იერიშის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 30 ადამიანი.
რუსულმა დრონებმა და ბალისტიკურმა და სხვა ტიპის რაკეტებმა ზიანი მიაყენეს 8 საცხოვრებელ კორპუსსა და 30 ავტომობილს.
"ასეთი იერიშები აჩვენებენ, რომ რუსეთის მიზნები არ შეცვლილა. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მაქსიმუმის შესრულება, რათა დავიცვათ სიცოცხლეები, გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვა და გავზარდოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ყველაფერი, რაც პუტინს ამ ომის დაფინანსებაში ეხმარება, უნდა ჩამოინგრეს". - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
უკრაინის არმიამ განაცხადა, რომ რუსეთი გასულ ღამეს უკრაინას ორი Iskander-M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტით, ერთი Iskander-K საკრუიზო რაკეტითა და 145 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს. უკრაინის საჰაერო ძალებმა ერთი საკრუიზო რაკეტისა და 79 დრონის განადგურება შეძლეს.
დობროპილიის პარალელურად, რუსები გასულ ღამეს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ ხარკივის რეგიონსაც, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 დაშავდა.





