რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უოლცი: თუ შევთანხმდებით მოლაპარაკებაზე, ტრამპი დახმარებაზე პაუზის მოხსნას განიხილავს

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი
Economist

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველის, მაიკ უოლცის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს უკრაინისთვის დახმარების აღდგენას, თუ მხარეები ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე შეთანხმდებიან  და ნდობის აღდგენის ზომები გატარდება.

"ვფიქრობ, თუ ჩვენ შევთანხმდებით მოლაპარაკებებზე და ამის მიმართ წინ წავიწევთ, მეტიც, მოლაპარაკების მაგიდასთან ნდობის ასამაღლებელი ზომებს მივიღებთ, შემდეგ, პრეზიდენტი სერიოზულად განიხილავს ამ პაუზის [უკრაინის დახმარების] მოხსნას" – ამბობს უოლცი Fox News-თან საუბრისას. 

4 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა.

ამასთან, გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაც შეუწყვიტა.

28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის. 

მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა. 

ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათით დასრულდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა. 

ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მას მადლობა აშშ-სთვის. 

ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ. 

3 მარტს კი ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.

მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.

ხოლო CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.

 

 

კომენტარები