მინერალების შეთანხმება

ვენსი უკრაინასთან მინერალების შეთანხმებაზე: ვფიქრობ, ტრამპი შეთანხმებისადმი კვლავ ერთგულია

ჯეი დი ვენსი
MANDEL NGAN/AFP/GETTY-IMAGES

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი, ჯეიდი ვენსი თვლის, რომ უკრაინასთან წიაღისეულის შეთანხმების გაფორმება ჯერ კიდევ შესაძლებელია და მიაჩნია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ შეთანხმებისადმი კვლავ ერთგულია. ამის შესახებ მან ტრამპის სიტყვის გამოსვლის წინ, კაპიტოლიუმის შენობაში ჟურნალისტებთან ილაპარაკა.

"მე ნამდვილად ვფიქრობ [რომ უკრაინასთან წიაღისეულზე შეთანხმება ჯერ კიდევ შესაძლებელია]. ჩემი აზრით, პრეზიდენტი კვლავ ერთგულია მინერალების შეთანხმების მიმართ. ვფიქრობ, გავიგეთ პოზიტიური რაღაცები, თუმცა ჯერ არაა ხელმოწერა ჩვენი უკრაინელი მეგობრების მხრიდან.

მინერალების შეთანხმებას პრეზიდენტის პოლიტიკის რეალურად მნიშვნელოვანი ნაწილია. პირველ რიგში, ამერიკელმა ხალხმა რაიმე ანაზღაურება უნდა ნახოს იმ ფინანსური ინვესტიციისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში გავიღეთ. უამრავი დახმარება, რომლებიც ევროპელებმა გაგზავნეს, გამოიყო ფულის სახით, რომელიც უნაზღაურდებათ. ძალიან სასაცილო და უბრალოდ ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფაა, რომ ევროპელები იღებენ უკეთეს გარიგებას, ვიდრე ამერიკელი ხალხი. პრეზიდენტს უბრალოდ უნდა დარწმუნდეს, რომ ამერიკელი ხალხი მიიღებს სამართლიან შეთანხმებას, პარალელურად კი გვექნება წვდომა ზოგიერთი სახის მინერალსა და რესურსებზე, რომლებიც ქვეყნისთვის მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება." - თქვა ვენსმა. 

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება განაახლონ.

აშშ-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების გაუქმებაზე დასმულ შეკითხვას ვენსმა უპასუხა: "პრეზიდენტი ძალიან ცხადი იყო, რომ მას სურს უკრაინელები მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვიდნენ. ვფიქრობ, რომ როცა უკრაინელები მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვლენ, ყველაფერი მაგიდაზე იქნება".

ასევე ვენსის აზრით, ამჟამად მიმდინარე ომს "უსასრულოდ ვერ გააგრძელებენ" ვერც ევროპელები, ვერც ამერიკელები და ვერც უკრაინელები. ამიტომ, მისივე აზრით, საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. ვიცეპრეზიდენტი ირწმუნება, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან გულახდილი მოლაპარაკებების სურვილი ჯერ არ ჩანს და გამოთქვა იმედი, რომ ეს მალე შეიცვლება.

"რაც პრეზიდენტმა ძალიან ცხადად თქვა უკრაინისადმი ჩვენს პოლიტიკაზე, არის ის, რომ მას სურს უკრაინელები მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვიდნენ. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ვფიქრობთ უკრაინელმა სამხედროებმა ძალიან მამაცურად იბრძოლეს, მაგრამ ახლა ვართ იმ მომენტში, როცა ამ ომს დაუსრულებლად ვერ გააგრძელებს ვერც ევროპა, ვერც შეერთებული შტატები, ვერც უკრაინელები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოვიდეს მაგიდასთან და პრეზიდენტი ცდილობს ძალიან ცხადი გზავნილის გაგზავნას, რომ უკრაინელები უნდა მოვიდნენ მაგიდასთან და დაიწყონ მოლაპარაკებები პრეზიდენტ ტრამპთან... ჩვენ არ ვამბობთ რომ ერთი ან მეორე გზის ერთგულები ვართ. ჩვენ ვამბობთ, რომ ვერ დაამყარებ მშვიდობას ფრონტზე, თუ უკრაინელები არ ისურვებენ გულახდილ მოლაპარაკებას. ამჟამად მათ ვერ შეძლეს, მათ არ გამოუჩენიათ ნება. იმედია, ეს შეიცვლება." - თქვა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა.


4 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების ბრძანება გასცა. თავდაპირველად ამერიკული გამოცემები ინფორმაციას თეთრი სახლისა და თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმური მაღალჩინოსნის თქმით, აშშ უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას აჩერებს, სანამ ტრამპი არ განსაზღვრავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მშვიდობის მიღწევის მიზნისადმი ერთგულია.


მაღალჩინოსნის თქმით, ყველა სახის აშშ-ს სამხედრო დახმარება, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ იმყოფება, გაჩერდება, მათ შორის ის საბრძოლო მასალებიც, რომლებიც უკვე სამხედრო თვითმფრინავებსა და ხომალდებზეა, ან პოლონეთში უკრაინისთვის მისაწოდებლად არის გამზადებული.

ხოლო CNN-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მის უფროსი თანაშემწეები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სანამ მხარეები მინერალების შეთანხმებას დაუბრუნდებიან.

ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელმაც, როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, აშშ-ს პრეზიდენტი მეტად გააღიზიანა. 

3 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ "ომის დასრულების შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან შორს არის და ჯერ არავის დაუწყია ამ ნაბიჯების გადადგმა". 

ტრამპი ზელენსკის განცხადებას საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოეხმაურა და მას "ყველაზე ცუდი" უწოდა, რაც კი "ზელენსკის შეიძლება, გაეკეთებინა". 

"ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც კი შეიძლება ზელენსკის გაეკეთებინა. ამერიკა ამას აღარ შეეგუება. ეს არის ის, რასაც ვამბობდი, ამ კაცს არ უნდა მშვიდობა მანამ, სანამ მას აშშ-ს მხარდაჭერა აქვს და ევროპელებმა, ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მათ აშშ-ს გარეშე ამ საქმის გაკეთება არ შეუძლიათ. ალბათ, არ იყო საუკეთესო განცხადება, რაც რუსეთისთვის ძალის საჩვენებლად შეიძლება გააკეთო. რაზე ფიქრობენ?" - დაწერა ტრამპმა. 

აშშ-ს პრეზიდენტის საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე მალევე დაწერა, რომ უკრაინას "მშვიდობის მიღწევის გზაზე აშშ-ს დახმარების დიდი იმედი აქვს", ხოლო "მშვიდობა რაც შეიძლება მალე არის საჭირო". 

ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-ს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის მინისტრთა კაბინეტს შორის. 

მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ რეჟიმში გადაცემული შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა. 

ის, რასაც ლიდერები მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე უნდა მიეყვანა, მწვავე კამათით დასრულდა. ტრამპმა ზელენსკი "მესამე მსოფლიო ომთან თამაშში" დაადანაშაულა. 

ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტს რამდენჯერმე ჰკითხა, გაცემული დახმარების გამო გადაუხდია თუ არა მას მადლობა აშშ-სთვის. 

ზელენსკიმ მეორე დღეს, 1-ელ მარტს X-ზე გრძელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენჯერმე დაწერა, რომ უკრაინა მეტად მადლიერია აშშ-ს, აშშ-ს პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ. 

28 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს მეტად დადებითად შეხვდნენ კრემლში.

რატომ წავიდა ყველაფერი ცუდად, რაც შეიძლებოდა, რომ ცუდად წასულიყო?

 

კომენტარები