მინერალების შეთანხმება

ტაკაიჩი პირობას დებს, რომ იაპონია-აშშ-ს ურთიერთობის “ოქროს ხანა” იწყება

იაპონიის ახალი პრემიერმინისტრი, სანაე ტაკაიჩი, ტოკიოში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას პირობას დებს, რომ იაპონიასა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში "ოქროს ხანა" დაიწყება.

ტაკაიჩიმ და ტრამპმა მალევე  მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომელიც იშვიათი ლითონებისა და მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების წესებს ადგენს.

თეთრი სახლის განცხადებით, ქვეყნები ეკონომიკური პოლიტიკის და კოორდინირებული ინვესტიციების საკითხების გარშემო ითანამშრომლებენ. ამით აშშ და იაპონია შეძლებენ იშვიათი ლითონებისა და მინერალებისთვის  დივერსიფიცირებული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბაზრების განვითარება დააჩქარონ.

ტაკაიჩიმ, რომელიც გასულ კვირას  იაპონიის პირველი ქალი პრემიერმინისტრი გახდა , ტრამპს  ღაზაში  და ტაილანდ-კამბოჯას შორის არსებულ კონფლიქტებში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება მიულოცა.

ტრამპმა, თავის მხრივ, ტაკაიჩის პირველ ქალ პრემიერმინისტრად დანიშვნა "დიდ მიღწევად" შეაფასა და თქვა, რომ მისთვის იაპონიის ახალ მთავრობასთან შეხვედრა დიდი პატივია.

"ყველაფერში, რაშიც იაპონიას დახმარება დასჭირდება, ჩვენ იქ ვიქნებით. თქვენ შესანიშნავ საქმეს გააკეთებთ და ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვექნება."- თქვა ტრამპმა შეხვედრისას.

კომენტარები