სერბეთი

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციის დეპუტატებმა საკვამლე ხელყუმბარები ისროლეს (VIDEO)

სერბეთის ოპოზიციის დეპუტატებმა მთავრობის პოლიტიკის გასაპროტესტებლად და მომიტინგე სტუდენტების მხარდასაჭერად პარლამენტის სხდომათა დარბაზში საკვამლე ხელყუმბარები ისროლეს.

ბელგრადში საპროტესტო დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 ნოემბერს სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

საკანონმდებლო სხდომაზე მას შემდეგ, რაც მმართველმა სერბეთის პროგრესულმა პარტიამ (SNS) დღის წესრიგი დაამტკიცა, ოპოზიციის პოლიტიკოსებმა ადგილები დატოვეს, პარლამენტის სპიკერის მიმართულებით წავიდნენ და დაცვის თანამშრომლებთან დაპირისპირება მოუვიდათ. ხოლო ნაწილმა საკვამლე ხელყუმბარები ისროლა და ცრემლსადენი გაზი გაუშვა.


28 იანვარს სერბეთის პრემიერმინისტრი მილოშ ვუჩევიჩი ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი ანტისამთავრობო აქციების ფონზე თანამდებობიდან გადადგა.

მომდევნო დღეს, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა სატელევიზიო მიმართვისას თქვა, რომ მმართველი პარტია მომდევნო 10 დღეში შეეცდება ახალი მთავრობის ფორმირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება

პარალელურად, სერბეთის ქუჩებში საპროტესტო აქციები გრძელდება, რომლებმაც სტუდენტები, მასწავლებლები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები გააერთიანა. მომიტინგეები რკინიგზის სადგურზე მომხდარ ტრაგედიას პოპულისტი პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მთავრობაში არსებულ კორუფციას აბრალებენ. 

კომენტარები