სერბეთი

სერბეთში რკინიგზის სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 14 ადამიანი ემსხვერპლა

Photo: ABC News

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის ერთ-ერთ სადგურზე ბეტონის ჭერის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა

დაღუპულებს შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავდა 3 ადამიანი, ისინი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. დაშავებულთაგან ორის ამოყვანა ნანგრევებიდან მაშველებმა ჭერის ჩამონგრევიდან რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს. 

ადამიანები, რომლებიც მატარებლის მოსვლას ელოდებოდნენ, სკამებზე ისხდნენ, როდესაც ბეტონის ჭერი ჩამოინგრა. 

მოსახლეობასთან მიმართვისას პრეზიდენტმა ვუჩიჩმა იმედი გამოთქვა, რომ გარდაცვლილთა რიცხვი 14-ს არ გადააჭარბებდა და თქვა, რომ დაღუპულთაგან 5 ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული. 

"ისინი, ვინც მომხდარზე პასუხისმგებლები არიან, მერწმუნეთ, დაისჯებიან". - თქვა სერბეთის პრეზიდენტმა. 

აღნიშნული რკინიგზის სადგური 2021 და 2024 წლებში გარემონტდა. სერბულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, სერბეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურაში განაცხადეს, რომ ჩამონგრეული ბეტონის ჭერი აღნიშნული სარემონტო სამუშაოების განმავლობაში არ განახლებულა. ის 1964 წელს ააშენეს. 

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 

კომენტარები