რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კრემლი მიანიშნებს, რომ უკრაინაზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკების მეორე რაუნდი მალევე არ დაიწყება

კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი "ნაკლებსავარაუდოა", დაიწყოს მანამ, სანამ ორივე ქვეყანაში საელჩოები მუშაობის ნორმალურ რეჟიმს არ დაუბრუნდებიან. 

"ნაკლებსავარაუდოა". - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა პასუხად რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს შეკითხვაზე, დაიწყებოდა თუ არა აშშ-სთან უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები ორივე ქვეყნის საელჩოების სრულად აღდგენამდე. 

აშშ-რუსეთის საელჩოების აქტივობა 2022 წელს რუსეთი მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად შემცირდა. 

საელჩოების საკითხზე მოლაპარაკებები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის 27 თებერვალს თურქეთში გაიმართა. სტამბოლში შეხვედრაზე ამერიკულმა და რუსულმა მხარეებმა საელჩოების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების საკითხზე, კერძოდ, მომსახურე პერსონალისა და მათი საბანკო და საკონტრაქტო სერვისების აღდგენის შესახებ ისაუბრეს. 

მოლაპარაკებები, რომელიც 6 საათზე მეტი გაგრძელდა, სტამბოლში აშშ-ს გენერალური კონსულის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის საუდის არაბეთში გამართული შეხვედრიდან თითქმის 10 დღის შემდეგ. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს წარმოადგენდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში, სონატა კოლტერი, ხოლო რუსულ მხარეს წარმოადგენდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოატლანტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრ დარჩიევი. 

28 თებერვალს რუსეთმა ვაშინგტონში ახალ ელჩად სწორედ ალექსანდრ დარჩიევი დაასახელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამავე დღეს განაცხადა, რომ დარჩიევის კანდიდატურას სტამბოლში 27 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს მხარემ მწვანე შუქი აუნთო. 

რუსეთს გასული ოქტომბრის შემდეგ აშშ-ში საკუთარი ელჩი არ ჰყავს. ბოლო ელჩი, რომელიც რუსეთში ოქტომბერში დაბრუნდა, ანატოლი ანტონოვი იყო. 

კომენტარები